ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა შავ ზღვაში რუსეთის "პროვოკაციულ" ქმედებებს გმობს


რუსეთის ერთ-ერთმა სამხედრო ხომალდმა, შავ ზღვაში, თურქული სატვირთო გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. 13 აგვისტოს მომხდარი ფაქტი კიევმა დაგმო და მოსკოვის ქმედებას "პროვოკაცია" უწოდა.

მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო გემმა სახელად "ვასილი ბაიკოვი", გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც სატვირთო გემის კაპიტანმა არ უპასუხა მოთხოვნას, გემის შემოწმებისთვის შეჩერებულიყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მტრულად განიხილავდა ნებისმიერ გემს, რომელიც უკრაინულ პორტებთან მიახლოებას ეცდებოდა.

შეთანხმება, რომელსაც უკრაინამ და რუსეთმა თურქეთისა და გაეროს ჩართულობით მიაღწიეს, 2023 წლის ივლისში შეწყდა და მას შემდეგ არ აღდგენილა. ის უკრაინული მარცვლეულის, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული პორტებიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე უსაფრთხოდ გატანას გულისხმობდა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ გმობს პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც რუსეთის ფედერაციიამ 13 აგვისტოს, შავ ზღვაში თურქული სატვირთო გემის "სუკრუ ოკანის" წინააღმდეგ განახორციელა, რომელიც პორტ ისმაილისკენ მიემართებოდა",- ნათქვამია განცადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.

კიევში ამბობენ, რომ მომხდარი საერთაშორისო კანონდმებლობის უხეში დარღვევაა.

"ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან, რათა რუსეთის ფედერაციის ქმედებების პრევენცია მოხდეს", - ამბობენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

XS
SM
MD
LG