ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი აცხადებს, რომ ფრონტზე გარკვეული წარმატება აქვს


ორშაბათს უკრაინამ განაცხადა, რომ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, კიევი აცხადებს, რომ "გარკვეული წარმატება" აქვს ფრონტის სამხრეთ-აღმოსავლეთის ერთ ნაწილში, მოსკოვის ჯარების უკანდახევის კუთხით.

ჰანა მალიარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პროგრესს რუსეთის მიერ ფართოდ დანაღმული ველები და ფორტიფიკაცია, სხვადასხვა სამხედრო-საინჟინრო ნაგებობობები აფერხებს.

უკრაინელ სამხედროებს წინსვლა აქვთ სოფელ სტარომაიორსკეს გარშემო, რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 95 კილომეტრის დაშორებით და ზეწოლას სამხრეთის ორ ფრონტზე ახორციელებდნენ, თქვა მალიარმა. მისივე თქმით, ახლა უკრაინული ძალები, მეზობლად მდებარე დასახლება უროჟაინის კონტროლისთვის იბრძვის.

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ზაპორიჟიეს რეგიონში, მოსკოვის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა კვირას განაცხადა, რომ კიევი რუსული ხაზების გარღვევას ორივე სოფელში ცდილობდა.

”საომარი მოქმედებები მიმდინარეობს უროჟაინის მახლობლად”, - თქვა მალიარმა, ოფიციალურ სამხედრო პლატფორმაზე გავრცლებულ განცხადებაში. „გარკვეული წარმატებაა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ღერძებზე, სტარომაიორსკეს მიდამოებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული ძალები მცირედ წარმატებას აღწევს, თუმცა კიევი აღიარებს, რომ პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე მათ სურთ და ამას რუსული თავდაცვა აფერხებს.

„შეიარაღებული ძალები უმკლავდება სრულად დანაღმულ ტერიტორიას, ბეტონებით გამაგრებულ საკვანძო სიმაღლეებს, [და] მუდმივი დაბომბვას", - თქვა მალიარმა. გარდა ამისა, რუსული ჯარი აქტიურად იყენებს ავიაციას.

მალიარმა დასძინა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, გასულ კვირას, აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტის გარშემო, სადაც ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა, თითქმის 5 კვადრატული კილომეტრის აღება მოახერხეს. მან ასევე თქვა, რომ რუსული ჯარები თავდასხმას აგრძელებს აღმოსავლეთის ქალაქ კუპიანსკისა და ლიმანის გარშემო, სადაც მისი თქმით, ისინი გადაჯგუფებას ახდენენ.

„უკრაინის არმიის წარმატების შემდეგ, რუსებმა ბახმუტის ღერძზე შეტევები გააძლიერეს“, - განაცხადა მალიარმა.

რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის დაახლოებით მეხუთედს, მათ შორის, ყირიმს, აღმოსავლეთით ლუჰანსკის რეგიონს და დონეცკის, ზაპორიჟეასა და ხერსონის ოლქებს. ოკუპირებული ტერიტორია მოიცავს უკრაინის სანაპირო ზოლის უმეტეს ნაწილს და მისი სამრეწველო ცენტრის, დონბასის ნაწილს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG