ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთთან მოლაპარაკება არ იქნება - უკრაინის გენერალური პროკურორი


ანდრეი კოსტინი - უკრაინის გენერალური პროკურორი ამერიკაში ვიზიტის დროს. ვაშინგტონი, აშშ. 21 სექტემბერი, 2022 წ.

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ამბობს, რომ კიევი რუს თავდამსხმელთა შეჩერების და ომის დასრულების მიზნით, მოსკოვთან მოლაპარაკებას არ განიხილავს. მასთან ინტერვიუ, სათაურით "ომის დამნაშავეებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ" ბრიტანულმა მაუწყებელმა "ბი-ბი-სი" პარასკევს, 11 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, თითქოს ვაშინგტონი უკრაინას მოუწოდებდა, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წასულიყო. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გავრცელებული ცნობები დასავლეთის ზეწოლის თაობაზე უარყო.

კოსტინი ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში ჩადენილ საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. უკრაინის გენერალურ პროკურორს საგანგებო საერთაშორისო ტრიბუნალის მოწყობა სურს, რომელზეც რუს დამნაშავეებს გაასამართლებენ. ის რუსეთის აქტივების გაყინვის და უკრაინისთვის რეპარაციების გადახდის წინადადებით გამოდის.

როცა უკრაინის გენერალურ პროკურორს უთხრეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო არამარტო უკრაინელები იტანჯებიან, არამედ ხალხი მთელ მსოფლიოში ცუდ მდგომარეობაში ვარდება, კოსტინმა თქვა, რომ "ხალხი იტანჯება უკრაინაში [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის აგრესიის გამო". კოსტინის თქმით, "მათ არ სმენიათ რაკეტების ხმა. მათ არ იციან, რაა დაბომბვა... მათ არ იციან რაა სიკვდილი, გაუპატიურება, მოროდიორობა".

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ ევროპელებს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, სურსათზე და საწვავზე გაცილებით მეტი ხარჯი აქვთ. მაგრამ, მისი განცხადებით, "უკრაინელები საფასურს საკუთარი სიცოცხლით იხდიან".

კოსტინმა "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის მტკიცებულებათა რიცხვი იზრდება. უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, წამების და ადამიანთა განურჩეველი ხოცვის ფაქტები რუსეთის მიერ ოკუპირებულ "პრაქტიკულად ყველა სოფელში და ყველა ქალაქში" ხდებოდა, ისევე როგორც სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ქალების და ბავშვების წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG