ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუს სნაიპერებს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში და დედის ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებს ბრალს


უკრაინა ორ რუს ჯარისკაცს, ოთხი წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში და მამის თვალწინ, დედის ჯგუფურ გაუპატიურებაში სდებს ბრალს. ომის მიმდინარეობის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ძალადობის მსგავსი შემთხვევები, ფართოდ გავრცელებული ბრალდებების ნაწილია.

ინფორმაციას ექსკლუზიურად, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოპოვებულ პროკურატურის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეს ინცინდენტები, სხვა სექსუალური ხასიათის ძალადობის მთელი სერიის ნაწილია. დოკუმენტების მიხედვით, ამ კონკრეტული ძალადობის ფაქტები, 2022 წლის მარტში, კიევის მახლობელ ბროვარის რაიონში, მეთხუთმეტე მოტორიზებული ბრიგადის წევრმა რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს.

„როიტერი“ წერს, რომ მათ კითხვებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არ უპასუხა. სააგენტომ ბრიგადასთან დაკავშირება უშედეგოდ სცადა. „როიტერი“ ასევე დაუკავშირდა სამარას გარნიზონის ორ ოფიციალურ პირს. ერთ-ერთმა სააგენტოს განუცხადა, რომ ბრიგადის წარმომადგენლებთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება, მეორემ კი თქვა, რომ მათი საკონტაქტო ინფორმაცია საიდუმლოა.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კიევის აღების მცდელობაში მარცხი განიცადა, რამდენიმე დღეში, რუსი სამხედროები ბროვარიში შევიდნენ. უწყების განცხადებით, ძარცვა და სექსუალური ძალადობა მოსახლეობის ტერორის მიზანმიმართული ტაქტიკა იყო.

უკრაინელი პროკურორების განცხადებით, სავარაუდო სისასტიკეების უმეტესობა 13 მარტს მოხდა, როდესაც „ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში მყოფი“ რუსი სამხედროები, „სახლის ეზოში შეიჭრნენ, სადაც ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა.“

ომის დანაშაულები - როგორი იქნება ახალი ტრიბუნალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:45 0:00

დოკუმენტების მიხედვით, რუსმა სამხედროებმა, მამა მეტალის ქოთნით სცემეს, შემდეგ აიძულეს დაჩოქილიყო, მისი ცოლი კი ჯგუფურად გააუპატიურეს. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, ვიდრე მასზე სექსუალურად იძალადებდა, ოთხი წლის გოგონას უთხრა, რომ „ქალად აქცევდა“.

ბრალდების მიხედვით, ძალადობაში ბრალდებული ორი ჯარისკაცი, 32 და 28 წლის რუსი სნაიპერები არიან. უწყების ცნობით, ერთ ერთი მათგანი, უფროსი, დაიღუპა. 28 წლის ჯარისკაცი კი, სახელად ევგენი ჩერნოკნიჟნი, რუსეთში დაბრუნდა.

უკრაინის პროკურატურამ, „როიტერს“ მხოლოდ ახალგაზრდა ჯარისკაცის ვინაობა დაუსახელა. საინფორმაციო სააგენტომ, ონლაინ ბაზაში მითითებული ნომრით, მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მამაკაცმა, რომელმაც ზარს უპასუხა თქვა, რომ ის ჩერნოკნიშნის ძმა იყო, მისი ჯარისკაცი ძმა კი დაიღუპა.

„ის მოკვდა, ვერანაირად ვერ დაიჭერთ. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია“, - უთხრა მან „როიტერის“ ჟურნალისტს.

XS
SM
MD
LG