ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა აღშფოთებულია უკრაინის მოვლენების გამო


შეერთებული შტატები პრეზიდენტ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან სასწრაფო მოლაპარაკების დაწყებას ურჩევს

უკრაინაში სამთვიანი დაპირისპირების ესკალაცია სამშაბათს, 18 თებერვალს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კიევის თავისუფლების მოედანი, რომელიც მეიდნის სახელით არის ცნობილი, ცეცხლის ალში გაეხვა. ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილე მომიტინგეებს და უსფრთხოების ძალებს შორის მომხდარ შეტაკებებს ათეულობით ადამიანი შეეწირა.

თეთრი სახლის განცხადებით, კიევში ძალადობის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონზე საკმაოდ მკაცრი ტონით ესაუბრა. ჯო ბაიდენმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა მიმდინარე მოვლენების გამო. მან ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდა ბრძანება სამთავრობო ძალების უკანდახევის შესახებ გაეცა და თავი მაქსიმალურად შეეკავებინა.

ბმული

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობა მიუღებელია იმის მიუხედავად, თუ რომელი მხრიდან მოდის ის. თუმცა, ბაიდენის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას დაძაბულობის ესკალაციის გამო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ძალადობა კრიზისს არ გადაწყვეტს. მშვიდობის და სტაბილურობის აღსადგენად, პრეზიდენტ იანუკოვიჩს სიტუაციის დეესკალაციისკენ და მეიდანზე მიმდინარე კონფრონტაციის დასრულებისკენ მოვუწოდებთ. ასევე დაბეჯითებით ვთხოვთ მას, განაახლოს დიალოგი ოპოზიციის ლიდერებთან, რათა უკრაინის დაწინაურებისთვის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდეს“ - აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯეი კარნი. მისი თქმით, შეერთებული შტატები აღშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ძალადობით და იმ ცნობებით, რომელიც უსაფრთხოების ძალების მიერ მეიდანზე განხორციელებულ ქმედებებს შეეხება.

უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩო ცნობას კიევში მიმდინარე ძალადობის შესახებ აქვეყნებს. ამერიკის მოქალაქეებს საელჩო მოუწოდებს შინ დარჩნენ და დიდ თავყრილობებს, თუ დემონსტრაციებს მოერიდონ. საელჩოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, უკრაინის დედაქალაქში სიტუაცია სწრაფად ცვალებადია და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ეხმაურებიან. კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრის სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„პრეზიდენტ იანუკოვიჩს, მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს მოვუწოდებ სასწრაფოდ მონახონ გზა იმ კრიზისის დასასრულებლად, რომელიც თანდათან უფრო ღრმავდება და დაიწყონ დიალოგი მისი პოლიტიკური გზით დარეგულირებისთვის. როგორც თითოეული ვიზიტის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადე, ევროკავშირი მზად არის უკრაინას ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს“ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინელთა მიმართ საერთაშორისო სანქციებს გადახედავს.

„მკაფიოდ მინდა განვაცხადო იმათ საყურადღებოდ, ვინც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც შემდგომ სისხლისღვრას იწვევს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ის კონკრეტული ადამიანებისთვის განსაზღვრული სანქციები, რომელზეც ევროპა აქამდე მსჯელობდა, აუცილებლად გადაიხედება“ - აღნიშნავს გერმანიის საგაერო საქმეთა მინისტრი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმაურებიან. ვლადიმირ პუტინი სისხლისღვრაში პასუხისმგებლობას „ექსტრემისტებს“ და „რადიკალურად განწყობილ ელემენტებს“ აკისრებს. დაპირისპირებულ მხარეებს კი „ცივილური, პოლიტიკური დიალოგისკენ" მოუწოდებს. პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ პუტინს და იანუკოვიჩს შორის სამშაბათს საღამოს სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დეტალები არ ხმაურდება. სერგეი ლავროვიც უმეტესად უკრაინის ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები „ადეკვატურად არ რეაგირებენ“. არაადეკვატურობაში და „არათანმიმდევრულობაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრალს ევროპელ პოლიტიკოსებსაც დებს, რომლებსაც არ სურთ აღიარონ, რომ უკრაინაში „რადიკალური ძალების ქმედებებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკისრია“.
XS
SM
MD
LG