ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა და ბრძოლა კორუფციასთან


საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული, უკრაინაში დღეს ყველაზე უფრო დიდი კრიზისია. თავად უკრაინელები ამას ძირითადად ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას აბრალებენ, რაც რუსეთთან ურთიერთობაში სახელმწიფოს კიდევ უფრო ასუსტებს. რევოლუციის ორი წლისთავზე, რომელსაც წესით მთავრობაში კორუფცია უნდა დაესრულებინა, მათთვის შესამჩნევი გაუმჯობესებაა, მაგრამ მიღწეული პროგრესი, ამბობენ რომ, საკმარისი არ არის.

საგზაო ორმო ბევრისთვის უმნიშვნელო ნიუანსია, მაგრამ პატარა ქალაქ იზიუმში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობს, ეს სხვაგვარად აღიქმება. უკრაინელებისთვის ის მთავრობის უპასუხისმგებლობის ნიშანია, რაც ქვეყნის მომავალს კარგს არაფერს უქადის. ზოგი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება კრიტიკულ დროს ხალხის რწმენას კარგავს და ამ შანსს ხელიდან საბოლოოდ უშვებს.

“როცა გზებს აკეთებენ, ნიშნავს, რომ მთავრობა მუშაობს და დაფინანსებაც მოდის. თან იმაზეც მიუთითებს, რომ ამ საქმეს ხელისუფლება სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს” - ამბობს ერთ-ერთი იზიუმელი.

ორი წლის წინ მომხდარი რევოლუციის მიზნები ბევრი უკრაინელისთვის ჯერ არ შესრულებულა. პარლამენტში კორუფციასთან ბრძოლის მოთავე სერგეი ლეშჩენკო ამბობს, რომ კორუფცია უკრაინისთვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხეა.

“კორუფციის გამო დავკარგეთ არმიის ნაწილი, დავკარგეთ ტერიტორია, ავირჩიეთ კორუმპირებული პრეზიდენტი, რომელმაც მაიდანი სისხლისღვრით დაასრულა” - ამბობს ის.

მოსკოვით ზურგგამაგრებულები სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებს აკონტროლებენ. კრემლმა ყირიმის ანექსია განახორციელა. უკრაინის კორუფციით და არასწორი მართვით დასუსტებული არმია რუსეთისთვის 2014 წელს იოლი ნადავლი აღმოჩნდა.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა.

“სულ რაღაც წელიწადნახევარში თავდაცვის სამინისტროში კორუფციის გამო თანამდებობიდან 200 სამხედრო, თუ სამოქალაქო თანამდებობის პირი გავათავისუფლეთ” - აღნიშნავს გენერალი სტეფან პოლტორაკი და დასძენს, რომ ახალი ელექტრონული სისტემების დანერგვით სამინისტროში მილიონობით დოლარი დაიზოგა, მეტი დანადგარის შეძენა გახდა შესაძლებელი, სამხედრო ბიუჯეტი და ადამიანური რესურსი გაორმაგდა.

“ქვეყანა შეიცვალა. ხალხი შეიცვალა. წარსულში ყოფნა და ძველებურად ცხოვრება აღარავის უნდა” - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

კიევში ქუჩის დონეზე კორუფციის უმეტესი ნაწილი გამქრალია. კიეველების თქმით, ინსპექტორები ქრთამს ძირითადად აღარ იღებენ. თუმცა, კორუფცია მათ წარმოსახვაში ჯერ მაინც არსად წასულა, რადგან მსხვილ ბიზნესებში და მათ მფლობელ ოლიგარქებში ისევ დომინირებს.

“სიმართლე გითხრათ, მე პირადად კორუფცია არ შემხებია, რადგან არანაირ ბიზნეს-გარიგებასთან საქმე არ მაქვს. მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, რომ სიტუაცია საბოლოო ჯამში დიდად არ შეცვლილა, რადგან ფუნდამენტურ, ძირეულ ცვლილებებს კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით, ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია”.

ქუჩის მოვაჭრეები კორუფციასთან მებრძოლი პოლიციისთვის ადრე იოლი სამიზნე იყო. მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლეს. ყავით მოავაჭრე ერთ-ერთმა კიეველმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, მაგრამ მის მანქანაზე დამაგრებული ნიშანი საკმარისად მეტყველია. იქ წერია, რომ მისი ბიზნესი კანონიერია, გადასახადებს იხდის და ქრთამს არ იძლევა. გამყიდველი ურჩევს პოლიციელებს, ნამდვილ დამნაშავეებს ებრძოლოს და ბოლოს ამბობს: ჩვენ ვერ გაგვტეხავთ.

უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლის საკმაოდ გრძელი გზა გამოიარა, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული პროცესები ელოდება. უკრაინელები თანდათან უფრო აცნობიერებენ იმას, რომ ყველაფერი ისევ მათზე, მათ ქმედებაზეა დამოკიდებული და არა იმაზე, თუ ვინ რას ამბობს და რას დაპირდება.

XS
SM
MD
LG