კიევმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან მოლაპარაკება “მაპზე”, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის თაობაზე, დაიწყო. განცხადება დღეს კიევში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც პოროშენკომ ნატო-უკრაინის კომისიის სესიის მუშაობის დასრულებისთანავე, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართა, ასევე ითქვა, რომ დღევანდელი მოცემულობით, უკრაინა ნატოს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. კომისიამ სამწლიანი გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2020 წლამდე გასტანს.
“მაპი” (MAP) ალიანსში შესვლის მსურველ ქვეყნებს, დროში გაწერილი რეფორმების გეგმის შემუშავების გზით, წევრობისთვის მომზადებაში ეხმარება. ალიანსის დებულების თანახმად, წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა “საერთაშორისო კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვარონ”. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის სამშვიდობო რეზოლუციით გადაწყვეტა მოუწევს, რომელმაც 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Facebook Forum