ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი მოსკოვს დამატებითი სანქციების შესახებ აფრთხილებს


ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი

ბრიტანეთმა ახალი კანონმდებლობა გამოაქვეყნა, რომელიც აფართოებს იმ პირების სიას, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებულნი. ლონდონი ამ ადამიანების სანქცირებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.

ბრიტანეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დასავლეთს „ყველაზე საშიშ მომენტი“ უდგას, რუსეთთან დაპირისპირებაში. მოსკოვი კი განაგრძობს სამხედრო წვრთნებს ბელარუსში, ანექსირებულ ყირიმში, შავ ზღვაზე, ქვეყნის სამხრეთში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ახალი კანონმდებლობა საშუალებას მისცემს ბრიტანეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს მათ, ვინც კრემლთანაა დაახლოებული და უკრაინის დესტაბილიზაციაში მონაწილეობს. ბრიტანეთის ეს ნაბიჯი რუსეთის აგრესიის შეკავების საერთაშორისო მცდელობის ნაწილია. სანქციები ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით სარგებელს იღებენ.

რუსეთი უარყოფს რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

„დიდ ბრიტანეთს ახლა შეუძლია სანქციები დაუწესოს არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობს უკრაინის დესტაბილიზაციაში, არამედ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ერთეულებს და რუსეთის მთავრობის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ბიზნესებს, ასევე მათ მეპატრონეებს, დირექტორებს და მეურვეებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისმა.

აქამდე, ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი, ლიზ ტრასი აცხადებდა, რომ „პუტინის ოლიგარქები ვერსად დაიმალებიან“, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ბრიტანეთის არ გაუმჟღავნებია, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ამ სანქციების სამიზნე.

XS
SM
MD
LG