ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. დღეს გაკეთებულ მიმართვაში, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრისას, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოც ახსენა.

გამოსვლის ამ ნაწილში სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა". ამის შემდეგ ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე, "აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიის ზღვამდე, მოკავშირეები დგამენ ნაბიჯებს, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გაძლიერდეს ნატოს ყოფნა რეგიონში მეტი ჯარისკაცით, მეტი შესაძლებლობით და მეტი მზაობით".

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, აუცილებელია მოხდეს გაუგებრობის და გაუთვლელი ნაბიჯების თავიდან აცილება იმის თაობაზე, თუ რამდენად ერთგულია ნატო საკუთარი "მზაობით, დაიცვას რუმინეთი და ნატოს სხვა მოკავშირეები". ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაუმართლებელი მობილიზაციით უკრაინის გარშემო, მათ შორის - შავი ზღვის რეგიონში - აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.

"შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეგიონია. ნატოს სამი მოკავშირე სანაპირო სახელმწიფოა, ისევე როგორც ჩვენი ახლო პარტნიორები არიან უკრაინა და საქართველო. ასე რომ ამ რეგიონის უსაფრთხოება ნატოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამის შემდეგ, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი მიმდინარე კრიზისში დიალოგის და პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვის ერთგული რჩება. ამ მიზნით მან რუსეთი კვლავ მიიწვია ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე. თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, ნატო ერთიანი, მონოლითური ორგანიზაციაა, რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე ხარისხის წევრები. "ნატო უკან არ დაიხევს ძირეული პრინციპებისგან", კერძოდ - იმ უფლებისგან, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს საკუთარი გეზის არჩევის ნება - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG