ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამერონი ამბობს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შესაწყვეტად ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს


დევიდ კამერონი
დევიდ კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა 20 მარტს განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისრაელსა და “ ჰამასს" შორის ღაზაში ბრძოლის შეჩერება, მაგრამ ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტისთვის ბევრი პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.

ტაილანდში მოგზაურობისას საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას კამერონმა თქვა, რომ ერთადერთი გზა პალესტინელი ხალხის ხანგრძლივი, მშვიდობიანი მომავლისთვის ისაა, რომ ისლამისტ მებრძოლთა ჯგუფი ამ მომავალში აღარანაირ როლს არ თამაშობდეს.

“ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს პაუზა მუდმივ, მდგრად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებად ვაქციოთ“, - თქვა კამერონმა ტაილანდის საჰაერო ძალების ბაზაზე ვიზიტისას.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრი პირობა შესრულდება... "ჰამასის" ლიდერები ღაზიდან უნდა გავიდნენ. ჩვენ უნდა დავშალოთ ტერორისტული ინფრასტრუქტურა”, - თქვა მან.

ბრიტანეთთან ერთად, ვაშინგტონი ცდილობს თითქმის ექვსთვიან ომში ცეცხლის შეწყვეტისთვის დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს, რათა მძევლები გათავისუფლდნენ და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩადის, სადაც შეხვდება ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ლიდერებს, რათა "განიხილონ სწორი არქიტექტურა ხანგრძლივი მშვიდობისთვის", თუმცა ბლინკენს არ უხსენებია ისრაელში ვიზიტი.

ისრაელს "ჰამასი" თავს 7 ოქტომერს დაესხა, დახოცა 1200 ადამიანი და მძევლად აიყვანა 200-ზე მეტი. საპასუხოდ ისრაელმა დაჯგუფებას ომი გამოუცხადა. "ჰამასის" კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის უწყების თქმით, ომს 30 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG