ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი რუს დიპლომატებს აძევებს და რუსეთს სანქციებს უწესებს


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი

გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები გაეროს უშიშროების საბჭოში ბრიფინგს გამართავენ 4 მარტს, ბრიტანეთის ქალაქ სალისბურში ყოფილ რუს ჯაშუშზე და მის ქალიშვილზე, სავარაუდო, ქიმიური იარაღით თავდასხმასთან დაკავშირებით.

სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი, იულია, ერთ-ერთ პარკში სკამზე უგონოდ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში, უგონოდ არიან. ასევე, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან პოლიციელი, რომელმაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო პირი.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისთვის გამოძიების შედეგების მისაწოდებლად "დაუყოვნებელი შეხვედრა" მოითხოვა .

ამ განცხადებამდე, დღეს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საპასუხო ნაბიჯი გამოაცხადა, მათ შორის, ქვეყნიდან 23 დიპლომატის გაძევება. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვმა უპასუხოდ დატოვა ლონდონის ოფიციალური შეკითხვა იმაზე, თუ როგორ მოხვდა საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” დიდ ბრიტანეთში.

ამ ნივთიერებით ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. ისინი დღემდე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს პარტლამენტს საპასუხო ნაბიჯების პაკეტი წარუდგინა. მისი კაბინეტი ასევე შეიმუშავებს საკანონმდებლო პროექტს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან შპიონაჟის წინააღმდეგ ზომებს გაამკაცრებს.

მეის წინადადებაში შედის ამერიკის კონგრესის მიერ დამტკიცებული მაგნიტსკის აქტის მსგავსი კანონპროექტი, რომელიც კრემლთან დაახლოებული რუსების ნაწილს სანქციებს დაუწესებს. გაერთიანებულმა სამეფომ ასევე შეაჩერა მაღალი დონის ყველა ურთეირთობა რუსეთთან, მათ შორის, გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი ლონდონში.

რუს დიპლომატებს, რომლებსაც ქვეყნიდან აძევებენ, ბრიტანეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ. "ცივი ომის" ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ პერიოდში, 1971 წელს, საბჭოთა დიპლომატების გაძევების შემდეგ, ეს ლონდონის მიერ რუსი დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე მკაცრი ნაბიჯია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG