ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენს ინვესტიციების ჩადებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ინფრასტუქტურაში ურჩევენ


ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა პრეზიდენტ ბაიდენს თხოვნით მიმართა. ისინი პრეზიდენტს მოუწოდებენ შეასრულოს ამერიკის დაპირება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 300 მილიონი დოლარის ენერგო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციისთვის. პირობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს დადო. ამ პროექტით, კონგრესი შეეცდება რუსეთისა და ჩინეთის გავლენა რეგიონზე შეამციროს.

2020 წელს, ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდა „სამი ზღვის ინიციატივის ინფრასტრუქტურის ფონდისთვის“ 1 მილიარდი დოლარის გადაცემაზე. ამერიკის „ფინანსების განვითარების კორპორაციამ“, რომელიც ამ პროექტის დაფინანსებას უზურნველყოფდა, საწყის ეტაპზე 300 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფაზე თანხმობა დეკემბერში განაცხადა. თუმცა, ერთი ადმინისტრაციიდან მეორე ადმინისტრაციისთვის არცთუ ისე მსუბუქი გადასვლის პერიოდში, ეს ფული ისევ ამერიკაში დარჩა და ფონდს ჯერ არ მიუღია.

ფონდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 12 სხვადასხვა ქვეყანას აერთიანებს. ამ ფონდის წევრები ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის ირგვლივ განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. ფონდის მიზანია, შეავსოს ის ენერგეტიკული ჩავარდნები, რომელიც რეგიონშია და გაათავისუფლოს რეგიონი რუსეთზე დამოკიდებულებისგან. კონგრესმა ფონდის მიზანი მოიწონა და გასულ წელს გაერთიანებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

12 ქვეყანა ცდილობს, რომ გააფართოვოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთითა და სამხრეთით, რათა საკუთარი ძალებით დაუპირისპირდეს საბჭოთა პერიოდში აშენებულ, დომინანტ ინფრასტრუქტურას. ვინაიდან, ეს ენერგო ხაზები რუსეთიდან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გადის, რეგიონიც, ძირითადად, რუსეთზეა დამოკიდებული. ფონდის წევრი 12-ივე ქვეყანა, ახალი ინფრასტრუქტრული ქსელის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენი მხარდაჭერა „სამი ზღვის ინიციატივისადმი“ დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს თავიანთი მიზნების მიღწევაში“, წერია კანონმდებლების წერილში, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს მიმართეს.

დასავლეთი ხშირად ადანაშაულებს მოსკოვს იმაში, რომ საკუთარ დომინანტ პოზიციას ენერგო სექტორში, ის საკუთარი გავლენების შესანარჩუნებლად საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში, „იარაღად“ იყენებს.

რუსეთმა ორჯერ ჩაუჭრა გაზი უკრაინას, 2006 და 2009 წლებში, შუა ზამთარში, როდესაც მოსახლეობა სწორედ ამ გაზის მიწოდებაზე იყო დამოკიდებული. მაშინ ქვეყნები ტარიფზე ვერ თანხმდებოდნენ. რუსეთის ასეთმა ქმედებებმა ევროპის სხვა ქვეყნებსაც უბიძგა, რომ ენერგოდამოუკიდებლობაზე ეფიქრათ.

თავიანთ წერილში პრეზიდენტისადმი, ამერიკელმა კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს ფონდის მნიშვნელობას უკრაინაში ენერგო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე.

რეგიონში რუსეთის ენერგო დომინირების გარდა, ნელ-ნელა სულ უფრო იზრდება და აქტიურდება ჩინური ინვესტიციების პრობლემაც. ამიტომ, კანონმდებლები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ პროექტი და დაეხმარონ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში.

ჯერჯერობით, თეთრ სახლს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG