ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა კოვიდ-19 დაუდგინდა


კონგრესმენი კოლინ ალრედი, 12 იანვარი, 2022.
კონგრესმენი კოლინ ალრედი, 12 იანვარი, 2022.

რუსეთის მიერ, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებით შექმნილი კრიზისის ფონზე, ვაშინგტონი კიევს ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებს. კრიზისის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, კიევში იმყოფებოდა სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციები, ასევე სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

ამერიკელი კონგრესმენი, კოლინ ალრედი აცხადებს, რომ უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ, კოვიდ-19 დაუდასტურდა. კონგრესმენთა ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ალრედი უკრაინელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.

ალრედმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, ტეხასის შტატიდან, ინფიცირების შესახებ განცხადება 30 იანვარს, შინ, დალასში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

38 წლის კანონმდებელი, სხვა 10 კონგრესმენთან ერთად, ზელენსკისთან შეხვედრამდე, ბრიუსელში იმყოფებოდა.

კონგრესმენი აცხადებს, რომ ტეხასში გამგზავრებამდე და დალასის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, მისი კოვიდ-ტესტი ნეგატიურ შედეგს აჩვენებდა.

ალრედი აცხადებს, რომ სრულად არის აცრილი, ასევე გაკეთებული აქვს გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი. კონგრესმენის თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, დელეგაცია მთელი მოგზაურობის განმავლობაში, კოვიდ ტესტებს რეგულარულად იკეთებდა. მათ შორის, ვოლოდომირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ.

რუსეთთან მიმდინარე კრიზისში, უკრაინას ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. კონგრესმენთა დელეგაცია, კიევში სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა.

მოსკოვი უარყოფს დასავლეთის შიშს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეჭრას გეგმავს.

XS
SM
MD
LG