ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეფლი“ და „ტვიტერი“ თანამშრომლებს არჩევნებში ხმის მისაცემად დახარჯულ დროს აუნაზღაურებენ


ამერიკული კომპანიები დასაქმებულებს საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ და წასახალისებლად სხვადასხვა შეღავათს სთავაზობენ.

უკვე ცნობილია, რომ „ტვიტერი“ და „ეფლი“, თანამშრომლებს არჩევნებში ხმის მისაცემად გამოყენებულ დროს აუნაზღაურებენ. არჩევნებში მონაწილეობისთვის ანაზღაურებად დროს, კომპანიები შტატების მიხედვით განსაზღვრავენ. მაგალითად, ნიუ-იორკში ხმის მიცემის დრო 2 საათითაა განსაზღვრული, ალაბამაში კი - ერთი საათით.

თანამშრომლებს ხმის მიცემისთვის მოქნილ ანაზღაურებად დროს სთავაზობს „ტიფანი და კომპანია“, „ლივაი სტრაუს“ და „უოლმარტი“.

“სტარბაქსი“, „გეპი“ და „ოლდ ნეივი“ კი თანამშრომლებს მოუწოდებენ, საარჩევნო უბნებზე მოხალისედ იმუშაონ.

„სტარბაქსი“ 200 000-ზე მეტ თანამშრომელს, ხმის მისაცემად რეგისტრაციისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ამისთვის მობილური აპლიკაცია გამოიყენონ.

დაახლოებით რვაასი კომპანია, მათ შორის არიან „ნაიკი“, ასევე, მედიკამენტების მწარმოებელი და ტექნოლოგიური კომპანიები, ორპარტიულ აქტივისტთა ჯგუფებში არიან გაწევრიანებული, რომლებიც კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. „ხმის მიცემის დროა“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომლითაც ამერიკელებს, პანდემიის გამო, ისტორიულ არჩევნებში ჩართულობას სთხოვენ.

2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გამორჩეულია. პანდემიის გამო, წელს, ამომრჩეველთა ნაწილს საშუალება ეძლევა სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტის საშუალებით მისცეს. ფოსტის ხმის მიცემის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი აშშ-ის მოქმედი და მეორე ვადით პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი.

პიუს კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ამერიკელ ამომრჩეველთა ნახევარი, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით, სირთულეებს ელოდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG