ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცოცხალია თუ არა დუბაის პრინცესა? - გაერო მტკიცებულებას ითხოვს


პრინცესა ლატიფა, 2013 წელი.
პრინცესა ლატიფა, 2013 წელი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა სამსახური არაბთა გაერთიანებულ საამიროებისგან ითხოვს მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის წევრი - პრინცესა ლატიფა ცოცხალია. ამის თაობაზე ორგანიზაციის პრეს-სპიკერმა პარასკევს განაცხადა.

35 წლის ლატიფა დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის ქალიშვილია. მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შესახებ კითხვები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დაისვა. ამის მიზეზი კი მის მიერ გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერები და მისი რამდენიმე მეგობრის განცხადებებია.

შეიხი მუჰამედი, მისი მეუღლე და უმცროსი ქალიშვილი
შეიხი მუჰამედი, მისი მეუღლე და უმცროსი ქალიშვილი

ლატიფა და მისი მეგობრები ამბობენ, რომ პრინცესას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გადაადგილების უფლება ოჯახისგან შეზღუდული ჰქონდა და გაუსაძლისი პირობების გამო, ლატიფამ გაქცევა სცადა. 2018 წელს ის მეზობელ ომანში გაიქცა და იახტით საერთაშორისო წყლებში გასვლა მოახერხა, თუმცა ინდოეთის სანაპიროების სიახლოვეს აღმოაჩინა, რომ მას სხვა საზღვაო ხომალდიც მიჰყვებოდა. გადაადგილება ინდოეთის სანაპირო დაცვამაც შენიშნა.

ლატიფას მეგობრების თქმით, ზღვაში 8 დღის გატარების შემდეგ, მათ იახტაზე დუბაის მმართველის დავალებით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, გაქცეული პრინცესა დააკავეს და ოჯახში დააბრუნეს.

BBC-ის მიერ მოპოვებული ვიდეო-გზავნილში, პრინცესა ლატიფა აბაზანიდან საუბრობს და ამბობს, რომ ის ერთ-ერთ კარგად დაცულ ვილაში მისი ნების საწინააღმდეგოდაა გამოკეტილი. მისი ოჯახი გასულ თვეში აცხადებდა, რომ ის სახლში იყო და მასზე ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი ზრუნავდნენ.

"ჩვენ არ მიგვიღია მისი სიცოცხლის დამადასტურებელი საბუთი. ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ის ცოცხალია. ეს ჩვენი უპირველესი მიზანია", - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა მიმართულების პრეს-სპიკერმა მარტა ჰურტადომ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

გაეროს ოფიციალური პირები გაერთიანებულ არაბთა საამიროების ელჩთან შეხვედრასაც ცდილობენ, რათა ლატიფას საკითხი განიხილონ. პრეს-სპიკერის თქმით, შეხვედრაზე თანხმობა არსებობს და ისინი ლატიფასთან ერთად, მისი უფროსი დის, შამზას საკითხის დაყენებასაც აპირებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG