ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითერის წარმატება


თვითერმა შეიძლება 23 - დან 25 დოლარამდე ღირებულების 80 მილიონი აქცია გაყიდოს

ფეისბუქის შემდეგ, ტექნოლოგიის სფეროში ეს კომპანიის ყველაზე დიდი გასვლაა აქციების საჯარო ბაზარზე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, თვითერმა შეიძლება 23 - დან 25 დოლარამდე ღირებულების 80 მილიონი აქცია გაყიდოს. ეს 2 მილიარდ დოლარს შეადგენს და თვითერის საბაზრო ღირებულება 14 მილიარდს მიაღწევს. მაგრამ, სინამდვილეში ის მართლაც ღირს ამდენი?

პროფესორი ასვათ დამოდარანი ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლიდან ამბობს, რომ ციფრები მხოლოდ საწყისი წერტილია, დაფუძნებული ბანკირების შეხედულებაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენის გადახდის სურვილი ექნებათ ინვესტორებს.

ის სკაიპის მეშვეობით გაესაუბრა ამერიკის ხმას.

„ისინი თვითერს აფასებენ ფეისბუქის და ლინკდინის საბირჟო ფასების მიხედვით. ისინი არ აფასებენ კომპანიას. კომპანიის შესაფასებლად საჭიროა ძირითად კომპონენტებს მიექცეს ყურადღება, როგორია შემოსავლები, როგორია მოგება. მე, პირადად ასეთი შეფასებითი პოზიციიდან მიმაჩნია, რომ 23-დან 25 დოლარამდე ფასი ძალიან მაღალია.“

დამოდარანი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები შემოსავალს ვერ მიიღებენ, მაგრამ არაპროფესიონალ ინვესტორებს ურჩევს თავი შეიკავონ ამ აქციების შეძენისგან თუ ყოველდღიურად არ აპირებენ თვალი ადევნონ აქციების ფასების ცვლილებებს.

„მე ვიტყოდი, უკეთესი იქნება მოცდა, სანამ თვითერი თავის ადგილს მოძებნის. როცა კომპანია საჯარო ხდება, პირველი ერთი ან ორი წელი ძლიერ ცვლილებებს განიცდის, რისი წინასწარ გათვლაც ძალიან რთულია. ასე, რომ თქვენთვის უნდა შეარჩიოთ ან მაკლერის ან ინვესტორის როლი.“

ბაზრის ანალიტიკოსი ნეიტ ელიოტი ამბობს, რომ პრობლემის ნაწილია ისიც, რომ თვითერმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია მოგებით მუშაობა. მიუხედავად მომხმარებელთა დიდი რაოდენობისა, ის ჩამორჩება სხვა სოციალურ ქსელებს.

„ჩვენი დაკვირვების მონაცემების თანახმად, ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებლების ერთ მეოთხედზე ნაკლები იყენებს თვითერს ყოველთვიურად. ეს არ არის ცუდი ციფრი, მაგრამ ბევრად ჩამორჩება ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობას შეერთებულ შტატებში.“

თვითერისთვის გამოწვევაა არა მხოლოდ გაფართოება, არამედ რეკლამიდან საკმარისი შემოსავლის ისე მიღება, რომ არ დაკარგოს მსოფლიოს მასშტაბით 230 მილიონი მომხმარებელი.

დრო გვაჩვენებს, თვითერი ამას შეძლებს თუ ვერა.

ფეისბუქმა, დიდი აჟიოტაჟის თანხლებით საჯარო გაყიდვის დებიუტიდან ოთხი თვის განმავლობაში, თავისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა. ახლა მისი აქციები თავდაპირველ ფასზე 30 პროცენტით უფრო ძვირად იყიდება. ექსპერტების აზრით თვითერსაც მოუწევს მსგავსი მტკივნეული გზის გავლა. ასე, რომ სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, მოიცადეთ სანამ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
XS
SM
MD
LG