ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის საზღვარს სირიის ოპოზიცია საომარ პლაცდარმად იყენებს


თურქეთის საზღვარს სირიის ოპოზიცია საომარ პლაცდარმად იყენებს

სირიაში უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებათა გააქტიურების გამო სულ უფრო და უფრო მეტი სირიელი ტოვებს საჯარისო ფორმირებებს და ოპოზიციას ემხრობა. არმიის დეზერტირები თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს ქმნიან და საომარი მოქმედების კოორდინირებას ამ სახელდახელოდ შექმნილი პლაცდარმიდან ახორციელებენ.

თურქეთის მხრიდან მოყვარულის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოფირზე კარგად ჩანს სირიული სოფელი გუვეჩი, რომელშიც უსაფრთხოების ძალების სნაიპერთა გადაადგილება ხდება. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით მათ ათობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. მათ შორის იყო ოპოზიციონერი ექიმი იბრაჰიმ ოთმენი, რომელიც ორგანიზაციის „დამასკოს ექიმები“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ექიმი იატაკქვეშა ჰოსპიტლების მთელ ქსელს ამუშავებდა, რომელიც დაჭრილ ოპოზიციონრებს მკურნალობდა. სნაიპერებმა ექიმი სწორედ საზღვრის გადაკვეთის დროს მოკლეს. თურქულმა მხარემ „ამერიკის ხმას“ ის ვიდეოფირიც გადასცა, რომელზეც ოპოზიციონრის გვამია აღბეჭდილი.

თურქულ სოფელ იაილადაში ლტოლვილთა ბანაკში სირიის არმიის ყოფილი ჯარისკაცი საკუთარ არჩევანს ასე ხსნის:

არჩევანი არ მქონდა. ან შეუიარაღებელი დემონსტრანტები უნდა დამეხოცა , ან თავი უნდა მომეკლა. დეზერტირობა ვარჩიე. შემდეგ გავიგე, რომ დემონსტრაციებზე მამაჩემი მოუკლავთ. არ ვიცოდი რა მექნა. ჩემი 6 წლის ბიძაშვილიც კი დააპატიმრეს. ერთადერთი რაც მამხნევებდა, ის იყო, რომ მარტო არ ვიყავი. ჩემთან ერთად 10 ჯარისკაცი გაიქცა. მთელი ჩემი ოჯახი სირიაშია. ამიტომ სახელს ვერ გაგიმხელთ“ - ამბობს ჯარისკაცი.

არმიის დეზერტირები საჯარისო ფორმირებას აყალიბებენ, რომელსაც თავისუფალი სირიის არმია ჰქვია და მიზნად პრეზიდენტ ასადის არმიის დამარცხებას ისახავს.

თურქეთის მხარე საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართავს და მოუწოდებს სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით საზღვარზე სპეციალური ბუფერული ზონა შექმნან. თუმცა, ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ ჩანს, რადგან ზომით და შეიარაღებით სირიის მოქმედი არმია ბევრად აღემატება დეზერტირებისგან შემდგარ თავისუფალი სირიის არმიას.

ერთ-ერთმა სირიელმა აქტივისტმა ჟურნალისტებს თურქულ ქალაქ ანტაკიაში მდებარე სახლის სარდაფი აჩვენა, საიდანაც თავისუფალი სირიის არმიის მოქმედებათა კოორდინირება ხდება.

ამის გაკეთება იოლი არ არის. ძალიან საშიშია. უამრავი აქტივისტი დაგვეღუპა სნაიპერის ტყვიით სწორედ ამ საქმიანობის გამო“ - აცხადებს ომარ ხილანი, სირიელი ოპოზიციონერი.

ვეილ ხარდის ძმა თავისუფალი სირიის არმიაში კაპიტნის რანგში მსახურობს. ის თვლის, რომ საერთაშორისო ძალების დახმარების გარეშე სირიის ოპოზიცია ვერაფერს გახდება.

ჯერჯერობით გარედან არავინ გვეხმარება. მარტო თავისუფალი სირიის არმიას კი ასადის ჩამოგდების უნარი არ შესწევს. საერთაშორისო საზოგადოებრიობა უნდა ჩაერიოს, მათი მხარდაჭერა გვჭირდება, თორემ თავისუფლება სირიაში ისევ განუხორციელებელ ოცნებად დარჩება“ - ამბობს ის.

საერთაშორისო ძალების მხრიდან სირიულ დაპირისპირებაში ჩართვის სურვილი არავის აქვს. მეზობელი ქვეყნები სირიის ხელისუფლებაზე ჯერჯერობით მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯებით და ეკონომიკური სანქციებით ზეწოლას ახორციელებენ. სირიის ოპოზიცია მოძალადე მთავრობასთან ისევ პირისპირ რჩება და უთანასწორო ბრძოლას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG