რამდენად გამოადგებათ ეგვიპტისა და ტუნისის ახალბედა დემოკრატიებს თურქეთის ათწლეულების მანძილზე შენარჩუნებული ფუნქციონალური დემოკრატიული სისტემა? ამერიკის ხმის კორესპონდენტები დავინ ჰაჩინსი და ბარიშ ორნარლი იუწყებიან, რომ ამ კითხვაზე ვაშინგტონში პოლიტიკური მიმომხილველებისგან არაერთგვაროვანი პასუხი ისმის.
ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რობერტ კაპლანი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ „თურქეთი ისლამური დემოკრატიის მაგალითს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მიბაძვის მოდელი იქცეს ამ ახლად გათავისუფლებული საზოგადოებებისთვის რადგან თურქეთში დემოკრატია ჰიბრიდული რეჟიმისგან წარმოიშვა, რომელშიც ამ ბოლო დრომდე გენერლები და პოლიტიკოსები ძალაუფლებას ინაწილებდნენ.“
თუმცა თურქული პოლიტიკის სხვა ექსპერტები ამ მოსაზრებას უფრო სკეპტიკურად უდგებიან. გასულ კვირას ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკურ ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა თემაზე „თურქეთი როგორც ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის ალტერნატიული მოდელი.“ შეხვედრაზე გამოსულმა ექსპერტებმა ეგრეთწოდებული „თურქული მოდელი“ განიხილეს და აღნიშნეს, რომ რაც შეეხება თურქეთის გამოცდილების გამოყენებას ლიბიაში, ეგვიპტესა და ტუნისში განზოგადებების გაკეთება მიზანშეწონილი როდია.
პირველი მსოფლიო ომის შედეგად დამარცხებული ისლამური ოსმალეთის იმპერიის ნამსხვრევებზე 1923 წლის დაარსებიდან მოყოლებული თურქული რესპუბლიკის დამაარსებლები და მათი დინამიური ლიდერი მუსტაფა ქემალ ათათურქი თურქეთის ისლამურ ფესვებს გამუდმებით უარყოფდნენ. ათათურქმა საერო და დემოკრატიული სახელმწიფო დააარსა, რომელიც ძლიერ სამხედრო ძალებს, როგორც სტაბილურობის გარანტიას, ემყარებოდა.
შემდგომში თურქეთმა სამი სამხედრო გადატრიალება გადაიტანა 1960, 1971 და 1980 წლებში. ხოლო 1997 წელს პრემიერ მინისტრი ნეჩმეთინ ერბაქანი თანამდებობიდან ძალით გადააყენეს. ამდენად თურქეთის სტატუსი როგორც დაარსებიდანვე უწყვეტი დემოკრატიის მქონე ქვეყანა დიდ დებატებს იწვევს. დღეს-დღეობით თურქეთის სამხედრო ძალები ანგარიშვალდებული არიან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, პრემიერ მინისტრის ოფისს ექვემდებრება.
თანამედროვე ისტორიის მანძილზე თურქეთმა მუსლიმანური ქვეყნისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები შეინარჩუნა, რაც უწინარეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, რომ კონსერვატიულ და ზომიერ მუსლიმებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება გააჩნიათ. თუმცა თურქეთში ოფიციალური ისლამური პარტიების არსებობა კონსტიტუციით დაცულ საერო პრინციპებზე დაყრდნობით ხშირად იკრძალებოდა.
მაგრამ ამ ბოლო ხანებში მოსახლეობაში ზომიერი ისლამური იდეების გავრცელების შედეგად სამართლიანობისა და განვითარების პარტია წარმოიქმნა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები მოიგო და 2002 წლიდან ქვეყნის პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პლატფორმა ისლამურ ფასეულობებს, პლურალისტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და ბიზნესის განვითარების მომხრე კაპიტალისტურ ფასეულობებსაც შეიცავს.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე თურქული გაზეთ „მილიეთის“ მიმომხილველმა სემიჰ იდიზმა თურქული მოდელი განსაზღვრა როგორც ძირითადად დასავლური მიდგომა, რომელიც თურქეთის მუსლიმანურ მოსახლეობას შემთხვევით მოერგო.
„როცა მე თურქულ მოდელზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს დასავლური ნიმუში, რომელიც პარლამენტარულ დემოკრატიასა და საერო ფასეულობებს ეფუძნება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს მოდელი დასავლეთიდან გადმოიღეს, აქ გაატარეს და თურქული რეალიებით აღავსეს. ამდენად სახეზეა 99 პროცენტით მუსულმანური მოსახლეობის მქონე ქვეყანა, რომელშიც დასავლურ ნიმუშს მიჰყვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის ისლამურ საზოგადოებას დემოკრატიის შენარჩუნება ძალუძს,“ დასძინა თურქმა მიმომხილველმა.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა აღნიშნა, რომ თურქეთს არაბული სახელმწიფოებისთვის შთაგონების მიცემა შეუძლია, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ თურქული გამოცდილება ზედმიწევნით უნდა გაიმეორონ. ერდოგანის თქმით, თურქეთის ისტორია ადასტურებს იმას, რომ საერო ფასეულობების, ზომიერი ისლამისა და დემოკრატიის თანაარსებობა მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემის ფარგლებში სავსებით შესაძლებელია.