ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-სირიის საზღვარზე


თურქეთის ხელისუფლება სირიელი ლტოლვილებისთვის დამატებითი ბანაკების აშენებას აპირებს

სირიაში საომარი მოქმედებების ესკალაციასთან ერთად თურქეთის მთავრობამ რამდენიმე საკოტროლო-გამშვები პუნქტი დაკეტა სირიის საზღვარზე და მხოლოდ ლტოლვილებს დაუტოვა მიმოსვლის საშუალება.

თურქეთის ხელისუფლება სირიელი ლტოლვილებისთვის დამატებითი ბანაკების აშენებას აპირებს, რომელთა რიცხვი 10 გახდება.
კომერციული სატრანსპორტო ტვირთების მიმოსვლა სირია-თურქეთის საზღვარზე უკანასკნელი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. თურქეთის ხელისუფლების მიერ სავაჭრო მიმოსვლის აკრძალვამ ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში მიმავალი სატრანსპორტო მაგისტარლების ჩაკეტვა გამოიწვია.

ანკარა განმარტავს,რომ ეს ღონისძიება უსაფრთხოების დაცვის მიზნით იყო განპირობებული. თურქი მძღოლების განცხადების თანახმად, გასულ კვირას მათი მანქანები გაძარცვეს და დაწვეს, მეამბოხეების მიერ სასაზღვრო საგუშაგოს ხელში ჩაგდების შემდეგ.

ანალიტიკოსების აზრით საზღვრის გადაკეტვა მნიშვნელოვნად დააზარალებს სირიის ეკონომიკას. ქილისის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები აბუ ჰასანი მიესალმება თურქეთის პოლიტიკას:
“ თურქეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საზღვარი ჩაკეტა. ეს ჩვენს უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.“

თურქეთის ხელისუფლება ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას უტოვებს, თუმცა მათი უმრავლესობა მაინც არალეგალურად შედის ქვეყანაში. თურქეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მანძილზე მდებარე ალეპოში ბრძოლების დაწყების შემდეგ ლტოლვილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

თურქეთის პრემიერის მოადგილის ბესირ ათალაის განცხადებით, თურქეთში სირიელი ლტოლვილების რიცხვმა 44 000 მიაღწია:

’’კიდევ უფრო მეტ ხალხს ველოდებით, რის გამოც ახალ ბანაკებს ვაშენებთ ოსმანიაში, ყარამანმარასა და ნიზიფში.“

არაბულმა ლიგამ სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად 100 მილიონი დოლარის გამოყოფა ივალდებულა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სელჩუკ უნალის განცხადებით, ანკარა ხალისით მიიღებს მატერიალურ შემწეობას, თუმცა პერსონალის მხრივ დახმარებას არ საჭიროებს. მარტო ქილისის ბანაკში ამჯამად 11 000 ლტოლვილი ცხოვრობს.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ათასობით ერაყელი, რომლებმაც ომის გამო ერაყიდან სირიაში გაქცევით უშველეს თავს, ახლა სირიიდან ისევ ერაყში ბრუნდება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG