ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის კრიზისი თურქეთს აფერხებს


თურქეთში ეკონომიკური ზრდის შეფერხების ეშინიათ, თუმცა, რისკებთან ერთად ანკარა ახალ შესაძლებლობებსაც ხედავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:42 0:00
ბმული

რუსეთს და უკრაინას შორის შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია მთელ რეგიონზე დიდ გავლენას ახდენს. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თურქეთიც, რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან და რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გააჩნია. ბრიუსელში კარნეგის ევროპის ინსტიტუტის პროფესორი სინან ულგენი ამბობს, რომ უკრაინაში კრიზისის გაღრმავება თურქეთისთვის მნიშვნელოვანი რისკების მატარებელია.

„პოლიტიკურ-ეკონომიკური რისკები იზრდება, რადგან რაც უფრო მტკიცე პოზიციას იჭერს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტ სანქციებს უწესებს მას, მით უფრო რთული ხდება თურქეთისთვის რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რუსეთი თურქეთისთვის სიდიდით მეექვსე საექსპორტო ბაზარია. მართალია ანკარა მოსკოვს ყირიმის ანექსიის გამო სიტყვიერად აკრიტიკებდა, თუმცა ის არ მიყვა დასავლელი პარტნიორების მაგალითს და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია. ამას გარდა, ანკარის ნაბიჯი ყირიმში თურქეთის ავიახაზების რეისების განახლების შესახებ, მოსკოვმა კეთილ ნებად აღიქვა. იმის მიუხედავად, რომ თურქეთი თითქოს განზე დგომის პოზიციას არჩევს, „ფინანს ბანკის“ უფროსი ეკონომისტი ინან დემირი ამბობს, რომ თურქეთი ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას მაინც ვერ შეძლებს.

„დაძაბულობის ესკალაციასთან ერთად ინვესტორები რისკზე აღარ წავლენ და ეს მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს არ აწყობთ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდან კაპიტალი თურქეთში გზას ჯერ კიდევ პოულობს, საბოლოო ჯამში განვითარებად ქვყნებში ფინანსური ინტერსი შემცირდება, პროცესი დასუსტდება და თურქეთზეც არაპირდაპირ გავლენას იქონიებს“ - აცხადებს ის.

თურქეთს ბუნებრივი აირის 50 პროცენტს რუსეთი აწვდის. რუსული ბუნებრივი აირი გაზსადენებით უკრაინიდან მოედინება. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ენერგომომარაგების წყვეტისთვის თურქული ეკონომიკა მზად არ არის. მოსკოვს შეუძლია ენერგორესურსები თურქეთზე პოტენციური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს, როგორც ამას ევროპის შემთხვევაში აკეთებდა, აღნიშნავს პოლიტოლოგი ატილა იესილადა, რომელიც სტამბოლში კომპანიაში „გლობალ სორს პარტნერზ“ მუშაობს.

„რუსეთის დისციპლინირების ერთ-ერთი გზა ალტერნატიული ენერგიის წყაროს შექმნაა, რომელიც „გაზპრომის“ მონოპოლიას დაასრულებს. ეს შესაძლოა ერაყიდან გაზსადენის გაყვანის დაჩქარებითაც მოხდეს. შემდეგ კი ანკარამ კვიპროსთან მშვიდობის დამყარება და ისრაელთან ურთიერთობების მოგვარება უნდა შეძლოს, რათა თურქეთში წყალქვეშა გაზსადენების გაყვანა შესაძლებელი გახდეს“ - ამბობს ატილა იესილადა.

კვიპროსში და ისრაელში ახლახან ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი ევროპაში და თურქეთში ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა, რუსეთი ამასობაში უმოქმედოდ არ არის. „გაზპრომი“ მაქსიმალურად ცდილობს თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებას, ის ხომ გერმანიის შემდეგ მისი ყველაზე სერიოზული კლიენტია. „გაზპრომის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე მედვედევმა აპრილის ბოლოს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ ტანერ ილდიზთან მოლაპარაკება გამართა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.

ვიდრე უკრაინაში მიმდინარე კრიზისი უშუალოდ თურქეთსაც შეეხება, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ანკარა საკმაოდ კარგად იყენებს შექმნილ სიტუაციას და საკუთარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას იწყებს. თურქეთი ამ ეტაპზე რეგიონში მტკიცე ენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას ასრულებს და სანდო, სტაბილური პარტნიორის იმიჯს იმკვიდრებს.
XS
SM
MD
LG