ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იერიში თურქულ ბიზნესებზე


თურქეთის პრემიერის მიერ უმსხვილესი კონგლომერატის ოპოზიციის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკებას საგადასახადო პოლიციის შესვლა მოჰყვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
ბმული

თურქეთის ყველაზე მსხვილ ბიზნეს-კონგლომერატში, „კოს ჰოლდინგი“ საგადასახადო პოლიციამ გასული თვის ბოლოს რეიდი მოაწყო. რეიდის გამო კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა. საგადასახადო პოლიციის შესვლა ოჯახური ბიზნესის კონგლომერატში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მხრიდან კომპანიის დაგმობას მოჰყვა თან. ქვეყნის ლიდერი მას ანტისამთავრობო პროტესტის მხარდაჭერის გამო მკაცრად აკრიტიკებდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ამგვარი მიდგომა მთლიანად ქვეყნის რეპუტაციას არყევს და ფინანსური არასტაბილურობის პირობებში თურქეთში უცხოურ ინვესტიციებს აფერხებს.

ანალიტიკოსი ატილა იესილადა პოლიტიკური კონსულტაციების ფირმიდან „გლობალ სორს ფართნერზ“ ამბობს, რომ საგადასახადო პოლიციის სამიზნე და რეიდის მოწყობის დრო თურქეთის მთელ ბიზნეს-საზოგადოებას შეშფოთების საბაბს აძლევს.

კოს ჰოლდინგი“ ბევრ სექტორშია ჩართული. ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კომპანია. ბაზრის ლიდერიც არის და მთელი ინდუსტრიის ცენტრს წარმოადგენს. თურქეთის შიდა პროდუქტის 11 პროცენტზეა პასუხისმგებელი. ამ კომპანიაზე იერიშის მიტანა, მაშინ, როცა ინვესტორები ფინანსური არასტაბილურობის გამო, ისედაც ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ინვესტიციას გააკეთებენ, ძალზე არარაციონალურ ნაბიჯად მიმაჩნია. რეიდის დროც შემაშფოთებელი და საეჭვოა. ეს ზუსტად მას შემდეგ მოხდა, რაც ბატონი ერდოღანი „კოს ჰოლდინგს“ დაემუქრა: „თქვენ ამის გამო დაისჯებით“. კომპანიას ბრალი მთავრობის დამხობის მცდელობაში ედება“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ერდოღანმა „კოს ჰოლდინგის“ მეპატრონე, მუსტაფა კოსი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ გეზის პარკთან მდებარე მისი სასტუმროს კარი თანამშრომლებმა დემონსტრანტებს გაუღეს და პოლიციის დარბევისგან გადაარჩინეს. ფინანსთა მინისტრი, მეჰმეტ სიმსეკი ამტკიცებს, რომ საგადასახადო პოლიციის რეიდი არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. სოციალური მედიის საშუალებით მან განაცხადა, რომ საგადასახადო გამოძიების საბჭო წელიწადში სულ ცოტა 50 ათას საქმეს სწავლობს.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგადასახადომ იერიში იმ ბიზნეს-ლიდერზე მიიტანა, რომელმაც პრემიერი ერდოღანი გაანაწყენა. 2007 წელს ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა მედია-მაგნატი ოდინ დოღანი. მას რამდენიმე მილიარდიანი ჯარიმა დააკისრეს და ისიც მას შემდეგ, რაც ოდინ დოღანის გაზეთებმა ერდოღანის მთავრობა კორუფციაში ამხილეს.

თურქეთის უმსხვილესი კონგლომერატის ოფისში საგადასახადო პოლიციის შესვლამ დანარჩენ ბიზნეს ლიდერებშიც პანიკა გამოიწივა. განსაკუთრებით, მათ შორის, ვინც განვითარების და დემოკრატიის პარტიასთან ასოცირდება. მუსტაფა ბოიდაკი „ბოიდაკ ჰოლდინგის“ მფლობელია, რომელიიც მთავრობის ამ ნაბიჯს აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ „მთავრობა ბიზნესებთან დაკავშირებით მხარეებს არ უნდა ირჩევდეს. 90-იანი წლები აღარ უნდა განმეორდეს, როცა გარკვეული ბიზნეს-წრეები იქმნებოდა. ყველას ახსოვს 28 თებერვლის პროცესი“ - აღნიშნავს კომპანიის მფლობელი.

„28 თებერვლის პროცესში“ ბიზნესმენი გულისხმობს სამხედრო გადატრიალებას, რომელმაც 1997 წელს ისლამისტი პრემიერ-მინისტრის, ნეჯემეტინ ერბაკანის გადაყენება გამოიწვია. ამ პროცესებმა შედეგად ისლამისტური ჯგუფების და მათ მფლობელობაში მყოფი ბიზნესების დარბევა და ხშირ შემთხვევაში მოსპობაც კი გამოიღო.

ექსპერტები შიშობენ, რომ თუკი მოვლენები ანალოგიურად განვითარდა, ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდება. გასული წლის მონაცემებით, თურქეთში უცხოურმა ინვესტიციებმა ისედაც მნიშვნელოვნად იკლო. ანალიტიკოსი ატილა იესილადა პოლიტიკური კონსულტაციების ფირმიდან „გლობალ სორს ფართნერზ“ ვარაუდობს, რომ იზრდება მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე ანტისამთავრობო აქციები ისევ განახლდება. და ამ შემთხვევაში ბიზნესების შევიწროების და დარბევის კიდევ უფრო მეტი ალბათობა გაჩნდება.

მაშინებს ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. სიტუაცია გაუარესდება, რადგან მგონია, რომ შემოდგომაზე და ზამთარში უწესრიგობები გაგრძელდება, რაც კორპორაციულ სამყაროში დამნაშავეთა ძებნას და მათ დევნას გააორმაგებს. ეს ყოველივე კი თურქეთს ძალიან ძვირი დაუჯდება“ - აღნიშნავს ატილა იესილადა.

ანალიტიკოსების ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი მაინც ქვეყნის მომავალი და მისი ეკონომიკური კეთილდღეობაა. ისინი შიშობენ, რომ „კოს-ჰოლდინგის“ კონგლომერატის შემოწმება შემთხვევითი არ არის. კომპანიის პოლიტიკური ნიშნით დევნა კი შედეგად იმას მოიტანს, რომ თურქეთი ინვესტორებისთვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG