ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა დაღუპული სომეხი მოსახლეობის ოჯახებს მიუსამძიმრა


T

სომხეთის სურვილია, თურქეთმა მკვლელობები გენოციდად სცნოს, რაზეც ოფიციალური ანკარა თავს იკავებს.

პრემიერ მინისტრის გზავნილმა გასულ ოთხშაბათს გაიჟღერა-ერთი დღით ადრე ვიდრე სომეხი მოსახლეობა 1915 წლის მკვლელობების 99ე წლისთავს აღნიშნავდა. თურქი პრემიერ მინისტრის განცხადება თურქულ, სომხურ და 7 სხვა ენაზე გაკეთდა და მასში გამოხატული იყო იმედი, რომ გარდაცვლილი სომხები მშვიდობაში განისვენებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თურქმა ლიდერმა თურქეთის სამძიმარი გადასცა მსხვერპლთა შთამომავლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის გზავნილი უპრეცედენტოდ შემრიგებლურ ტონს შეიცავდა, ბრიუსელში ბაზირებული კარნეგის ინსტიტუტის ექსერტი სინან ულგენი ამბობს, რომ ერდოღანის ნაბიჯი მისი უფრო ვრცელი სტრატეგიის ნაწილია.

„ეს გეგმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. პრემიერი ამას არ გეგმავდა. მგონია, რომ ეს ახალი გზავნილი თურქეთის სტრატეგიის ნაწილია სომხეთთან მიმართებაში არსებული საზოგადოებრივი მოსაზრება შეცვალოს. ჩვენ სავარაუდოდ არაერთი ანალოგიური გზავნილის მოწმენი გავხდებით.“

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ საქისიანმა თურქული სამძიმრის ჟესტი გააკრიტიკა, და მან თურქეთს სომეხთა გენოციდის არაღიარებაში დასდო ბრალი.

1915 წელს მილიონნახევარზე მეტი სომეხი მასობრივი მკვლელობების მსხვერპლი გახდა. არაერთი დამკვირვებელი ამ ფაქტს მართლაც აიგივებს მეოცე საუკუნის პირველ გენოციდთან. სომხეთის სურვილია თურქეთმა მკვლელობები სწორედ გენოციდად სცნოს, თუმცა ანკარა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ტერმინის ხმარებას და დაჟინებით აცხადებს, რომ ნაცვლად მილიონნახევარი ადამიანისა, პირველი მსოფლიო ომის დროს მიმდინარე დაპირისპირებისა და შიმშილის მიზეზით მხოლოდ ნახევარი მილიონი სომეხი გარდაიცვალა.

თურქეთში, ეს საკითხი ძალიან წინააღმდეგობრივად რჩება. თურქული ნაციონალიზმის მომხრეები, რომლებიც იმავდროულად თურქი პრემიერ მინისტრის მომხრეების უმრავლესობას შეადგენენ, სომეხთა მკვლელობების გენოციდის რანგში აყვანას ეწინააღმდეგებიან.

სტამბოლში დაფუძნებული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი ჩენგიზ ახთარი გვეუბნება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თურქ პრემიერს სომხურ საკითხზე დიდი თავისუფლება არ ექნება:

„ერდოღანის ჩანაფიქრის გათვალისწინებით, როცა მას პრეზიდენტობაზე პრეტენზია აქვს და გენოციდზე მისი პირადი აზრის გახსენებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თემაზე ერდოღანის მხრიდან ეს მაქსიმუმია. პრემიერი ამაზე შორს ვერ წავა და ამ ერთ ფრაზას არც არანაირი გავლენა არ მოჰყვება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებზე.“

აღსანიშნავია, რომ სომხური დიასპორის გავლენიანი წარმომადგენლები ერდოღანს გენოციდის არაღიარების მცდელობას აბრალებენ, და ამბობენ, რომ თურქ პრემიერს ასევე ნაკლებად აინტერესებს ორმხრივი, თბილი ურთიერთობები.

თუმცა ანკარა უარყოფს ასეთ ბრალდებებს, და ერდოღანის განცხადების პოზიტიურ გამოხმაურებებზე მიუთითებს, შიდა და საერთაშორისო დონეზე. ერდოღანის მოკავშირეები თურქეთში პატარა სომხური უმცირესობის წამყვან აქტივისტთა დადებით განცხადებებსაც იხსენებენ.

სინან ულგენი კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები სომხეთთან, ბატონმა ერდოღანმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ტაიპ ერდოღანმა ასევე გაიმეორა თურქეთის ხელისუფლების მიერ ადრე გაკეთებული შეთავაზება, რომლის თანახმადაც 1915 წლის მოვლენები ორივე ქვეყნიდან დაკომპლექტებულმა კვლევითმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რამდენად მოიტანს საგრძნობ შედეგს ერდოღანის რომელიმე ინიციატივა.
XS
SM
MD
LG