ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიაში სამხედრო ძალას ზრდის


თურქეთს სირიის იდლიბის პროვინციაში ტანკები და ჯავშნიანი მანქანები შეჰყავს, იმავდროულად კი დამასკო ამბოხებულთა ბოლო ანკლავზე შეტევას აგრძელებს. ანკარა პირობას დებს, რომ იდლიბში რადიკალი ელემენტების მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს და ასევე „ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდებს.

დამასკოს ძალები აცხადებს, რომ ამბოხებულთა ბოლო გამაგრებული ტერიტორიისკენ მიიწევს. გაძლიერებულ ბრძოლაზე მიანიშნებს ამბოხებულთა განცხადება, რომ სირიის მთავრობის, ამ კვირაში მეორე, სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

როგორც იუწყებიან, ანკარა ამბოხებულების შეიარაღებას აძლიერებს და ასობით ტანკის და ჯავშნიანი მანქანის განლაგებასთან ერთად, მათ მაღალი დონის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს აწვდის.

სამხედრო ყოფნის გაძლიერება თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის დაპირებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ იდლიბიდან დამასკოს ძალებს განდევნის, თუ ის თებერვლის ბოლოსთვის უკან არ დაიხევს. ულტიმატუმი, მიმდინარე თვეში სირიის ჯარის მიერ 14 თურქი ჯარისკაცის მოკვლას მოჰყვა.

თუმცა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ იდლიბში „რადიკალების“ მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებენ. აკარამ თქვა, რომ მათ მიმართ „ძალისმიერ მეთოდებს გამოიყენებენ“ და „ყველა ზომის“ მიმართვას გაითვალისწინებენ.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი მიანიშნებდა ჯგუფ - „ჰაიათ თაჰრირ ალ-სალამზე“, რომელსაც დამასკოს ძალები იდლიბში ებრძვის. ეს რადიკალური ჯგუფი, იდლიბის პროვინციაში ამბოხებულ ჯგუფებს შორის წამყვან ადგილზეა.

დამასკოს შეტევაში, მოსკოვი ანკარას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ვერ შეძლო რადიკალური ჯგუფების განიარაღება და გაყვანა სოჭის 2018 წლის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც მიზნად იდლიბში დეესკალაციის ზონის შექმნას ისახავდა. კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს ხაზგასმით თქვა: „თურქეთის მხარემ [იდლიბში] ტერორისტული ჯგუფების განეიტრალების ვალდებულება იკისრა.“

ერდოღანმა უარყო მოსკოვის მოწოდება რადიკალური ჯგუფები განეიარაღებინა და მზარდ ურთიერთ-ბრალდებების ფონზე განაცხადა, რომ იდლიბის ბრძოლაზე პასუხისმგებლობა რუსებს ეკისრებოდა.

ვაშინგტონმა, იგრძნო რა ანკარასა და მოსკოვს შორის უთანხმოების ჩამოგდების შესაძლებლობა, იდლიბთან მიმართებაში ერდოღანის პოზიციას მხარი მტკიცედ დაუჭირა. ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ელჩი ჯიმ ჯეფრი საგანგებო მოლაპარაკებებისთვის მიავლინა. მოლაპარაკებების დაწყებამდე, სამშაბათს, ჟურნალისტებთან ჯეფრის საუბარში, ისე ჩანდა, რომ ყველა სახის მხარდაჭერა განიხილებოდა, რაც სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე ანკარის იმედს გააღვივებდა.

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა, როგორც ჩანს, ასეთი ნაბიჯი გამორიცხა, როდესაც დასვა კითხვა: „რა უნდა გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად? გლობალური პოლიციელივით პარაშუტით უნდა ჩავხტეთ, ავწიოთ „სდექ“ ნიშანი და ვთქვათ: თურქეთო, ამის კეთება შეწყვიტე? რუსეთო შეწყვიტე? ირანო შეწყვიტე? სირიავ შეწყვიტე?“

თურქეთის პრო-სამთავრობო მედიამ, პარასკევს ვაშინგტონის მისამართით დარტყმა არ დააყოვნა და ნატოელი მოკავშირე ორპირობაში დაადანაშაულა. თურქულ ყოველდღიურ გაზეთ „იენი საფაკში“ ტანერ კორკმაზმა სარედაქციო წერილში დაწერა: „ჯეიმს ჯეფრის ცბიერება მის სახეზე გარკვევით იკითხება. ველური თავხედობის პიკზე იმყოფება. ვის შეუძლია მას ადამიანი უწოდოს“.

თურქეთის სამხედრო უწყებამ „ტვიტერით“ გაავრცელა, რომ ხუთშაბათს, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი იასარ გულერი თავის რუს კოლეგას, გენერალ ვალერი გერასიმოვს, იდლიბში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა. „გლობალ სორს პარტნერსის“ ანალიტიკოსმა ატილა იესილადამ თქვა: „ერდოღანი მაინც პრაგმატული კაცია. ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია. შეუძლია პუტინი დაიყოლიოს, რომ მას სირიაში ზოგი რამ დაუთმოს".

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში შეხვდება. მოგვიანებით, თურქეთის დელეგაცია რუსეთში ჩავა.

სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი სოლი ოზელი ამბობს, რომ შესაძლოა ანკარა მოსკოვს უყურებდეს, რათა ამბოხებულების მიერ ტერიტორიის დათმობის საფუძველზე, 2018 წლის სოჭის შეთანხმება შეინარჩუნოს.

ოზელმა თქვა: „საუკეთესო გამოსავალია თურქეთის ჯარმა გზატკეცილ 4-ის ჩრდილოეთით დაიხიოს და ორი გზატკეცილი რეჟიმს დაუტოვოს. შემდეგ რეჟიმი ორიოდე ასეულ ათას ლტოლვილს გააგზავნის და ისინი ჩვენ შეგვრჩება, ყოველ შემთხვევაში, არა თურქეთის ტერიტორიაზე.

ოზელი ირწმუნება, რომ იდლიბში ერდოღანის პრიორიტეტი, ლტოლვილების მნიშვნელოვანი რაოდენობის თურქეთში შედინების თავიდან აცილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომს გამოქცეული 3.5 მილიონი სირიელი იმყოფება.

გაერომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ იდლიბში ბრძოლების გამო 800 ათასზე მეტი სირიელმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა. ნოლი გრადუსის ქვემოთ ტემპერატურის პირობებში, მათგან 64 ათასს, ღია ცისქვეშ სძინავს, კიდევ 14 ათასი კი ხეების ქვეშ ეფარება. ვრცელდება ცნობები, რომ ბევრი მათგანი თურქეთის საზღვრისკენ მიდის.

ოზელმა თქვა: „სირიელების დამატებითი რაოდენობის მიმართ თურქული საზოგადოების შემწყნარებლობა ნოლის ტოლია. ის დიდ დაძაბულობას გამოიწვევს. შეშფოთებული ვიქნებოდი თემებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების გამო, რაც სირიელების მიმართ უარყოფითი განწყობის დათესვით იქნება განპირობებული. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სახიფათო ვითარება იქნება.“

სირიელების საკითხზე უკმაყოფილებას თურქეთის ეკონომიკის შესუსტება ამწვავებს. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონე თითქმის 25 პროცენტია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, ერდოღანის და მისი პარტიის რეიტინგი იკლებს.

ანალიტიკოსები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ იდლიბიდან მასობრივი გამოსვლა, ჯიჰადისტთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას შეიცავს. ანკარაში დაფუძნებული კვლევითი ჯგუფის, 21-ე საუკუნის თურქეთის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჰალდუნ სოლმაზთურქმა თქვა: „ამ რადიკალურ ელემენტებს შეუძლიათ ადვილად შეაღწიონ სირიელების დიდი კონცენტრაციის ადგილებში. თურქეთის ზოგიერთ ადგილზე, სირიელები უმრავლესობაში არიან. თუ ეს ჯგუფები თურქეთის მხრიდან ღალატს იგრძნობენ, შეიძლება თურქეთის წინააღმდეგ ტერორისტული მეთოდები გამოიყენონ.“

ანკარა უკვე ცდილობს ლტოლვილთა ახალი მასიური გამოსვლა შეამციროს. იესილადა ამბობს: „თურქეთის საზღვრის შიგნით 48 კილომეტრიან ზოლს აშენებენ, ათასობით დროებით სახლს. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასადი მათ უკან დაბრუნებას მოისურვებს, თურქეთის სამხედრო ძალები ამ დასახლებებს დაიცავს? როგორც იუწყებიან, [ანგელა] მერკელმა ბუნდოვანი დაპირება გასცა, რომ ამ დასახლებების დაფინანსებას დაეხმარება, მაგრამ დარჩება ეს ხალხი ასეთ დასახლებებში, როდესაც ასადის სუნთქვას საკუთარ კისერზე გრძნობენ"?

Facebook Forum

XS
SM
MD
LG