ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის სამხედრო ოპერაცია


თურქეთის სამხედრო ოპერაცია
თურქეთის სამხედრო ოპერაცია

უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე თურქეთმა ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ერაყში განლაგებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის ბაზებზე.

ოპერაციაში ათასობით ჯარისკაცი, ტანკები და საბრძოლო შვეულმფრენები მონაწილეობდნენ. ქურთმა მეამბოხეებმა ამ თვის დასაწყისში 24 თურქი ჯარისკაცი მოკლეს. ქურთისტანის მუშათა პარტია ავტონომიის მოპოვებისთვის 1984 წლიდან აწარმოებს შეიარაღებულ ბრძოლას.

თურქული გაზეთის „ჰურიათის“ მიმომხილველის მეთეჰან დემირის განცხადებით ეს ოპერაციაც მათი წინამორბედების მსგავსად ნაკლებ შედეგს გამოიღებს. თურქეთი ერაყის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ქურთ მეამბოხეებს ხელი შეუშალოს თურქეთის ტერიტორიაზე დივერსიული ოპერაციების განხორციელებაში.

ბატონი დემირის განცხადებით:“ თურქეთი დიდი ხანია ამ იდეის განხორციელებაზე ოცნებობს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერაყის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე ამგვარი ბუფერული ზონის შექმნას დაუშვებს. დღესაც კი ერაყელები ეწინააღმდეგებიან თურქეთის მიერ მათ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების წარმოებას და ამას არც ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება.“

სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერაყიდან თურქეთში გადასასვლელი გზების გაკონტროლებას, რომლებსაც ქურთი მეამბოხეები თურქეთში ოპერაციების განსახორციელებლად იყენებენ, მაგრამ ერაყის ქურთისტანის ავტონომიური ადმინისტრაცია ამ რეგიონში თურქეთის შეაიარაღებული ძალების გაძლიერებას არ დაუშვებს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით თურქეთის მოთმინების ფიალა აივსო. მის თქმით: “ამ რეგიონის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ ერაყში უნდა მოახერხოს ტერორისტების ალაგმვა, ან თურქეთთან ითანამშრომლოს მათი განეიტრალების საქმეში, რაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა მოხდეს.“

თურქეთის პოლიტიკას ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ვაშინგტონი უჭერს მხარს. როგორც თურქეთის არმიის ყოფილი ბრიგადის გენერალი ჰალდულ სოლმაზთურქი აცხადებს ანკარა ამგვარ ოპერაციას მხოლოდ ამერიკის მხრადაჭერით ჩაატარებს. მისი თქმით: “ ამჟამად ჩვენს შორის სრული თანხმობა არსებობს. თურქები და ამერიკელები შეთანხმდნენ რომ ეს ოპერაციები აუცილებლად უნდა განხორციელდეს.“

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაცრად დაგმო ქურთისტანის მუშათა პარტიის უკანასკნელი თავდასხმები და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ანკარამ ერთად უნდა იბრძოლონ სასტიკი ექსტრემისტების წინააღმდეგ. ერაყელი ქურთების ლიდერებისგან და ბაღდადის მთავრობისგან განსხვავებით ვაშინგტონს არ გაუკრიტიკებია თურქი სამხედროების გააქტიურება ერაყის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG