ევროკავშირი აკრიტიკებს თურქერთის ხელისუფლებას ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო.
ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს თურქეთის მიღებას ევროკავშირში. ევროკავშირის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთში უმცირესობათა უფლებები და პრესის თავისუფლების საკითხები გარკვეულ შეშფოთებას ბადებს.
თურქეთის საკითხებში ევროპარლამენტის კომიტეტის წევრის რიჩარდ ჰოუტის განცხადებით:“ წლების განმავლობაში თურქეთში იბლოკება ვებ-გვერდების მუშაობა და ჯერ კიდევ ბევრი ჟურნალისტია გამომწყვდეული ციხეში.“
ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციების მტკიცებით უკანასკნელი წლების მანძილზე თურქეთში კიდევ უფრო გაიზარდა ჟურნალისტული საქმიანობისთვის დაპატიმრებული პირების რაოდენობა.
ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მონაცემებით თურქეთში პრესის თავისუფლება სინგაპურის და ეთიოპიის დონეს შეიძლება შევადაროთ.
ევროკავშირი შეშფოთებულია თურქეთში მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო. მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ ერთ-ერთ მედია-ჯგუფს თითქმის მილიარდი დოლარის რაოდენობის გადასახადების გადახდა დააკისრეს. თუმცა თურქეთის მთავრობა უარყოფს მედიაზე ზეწოლის ფაქტებს და ყველაფერს დამოუკიდებლი სასამართლო სისტემით ხსნის.
გასულ თვეს სი-ენ-ენის თურქულენოვანმა ტელევიზიამ გაფრთხილება მიიღო პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის კრიტიკის გამო.
როგორც ერთ-ერთი პოპულარული ტელეშოუს წამყვანი მეჰმედ ალი ბირანდი აცხადებს სულ უფრო ძნელი ხდება ეთერში კრიტიკული გადაცემების გაშვება. მისი თქმით:“ ახლა ყველა ერიდება ოპოზიციური შეხედულებების გამოთქმას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ სხვაგვარად იქნება გაგებული.“
ბატონი ბირანდის გადაცემის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აქ გავიდა მასალა ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ მოკლული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან.
ევროკავშის მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთში თითქმის 6000 ვებ-გვერდის მუშაობაა აკრძალული. თურქეთში ორწლიანი აკრძალვის შემდეგ როგორც იქნა დაუშვეს „იუთუბის“ მუშაობა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მასაც დაუწესეს შეზღუდვები, პრობლემებია „ფეისბუქის“ მუშაობასთან დაკავშირებით.
სტამბოლის ბილჯის უნივერსიტეტის პროფესორის ჰალუქ საჰინის განცხადებით სიტუაცია უკვე კონტროლიდან არის გამოსული. მისი თქმით:“ თურქეთს უკვე ისეთი ავტოკრატული ქვეყნების გვერდით აყენებენ როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სუდანი. ეს ქვეყნები კი ინტერნეტის ცენზურით გამოირჩევიან. თურქი პოლიტიკოსები პრეზიდენტ აბდულა გულის მსგავსად თითქოს შეშფოთებულნი არიან შექმნილი სიტუაციით, მაგრამ ფაქტიურად არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.“
ევროკავშირთან ინტეგრაციის მინისტრი ერგემენ ბაგისი მიიჩნევს რომ ამ მოხსენებაში ახალი არაფერია ნათვამი, მაგრამ როგორც თურქი პოლიტოლოგი ჩინგიზ აქტარი ამბობს გერმანიის და საფრანგეთის პოლიტიკის გათვალისწინებით თურქეთისთვის ძალზე ძნელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება.
აღსანიშნავია რომ ევროკავშირის ამ მოხსენების გამოქვეყნებას თურქული მედიაში დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.