ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანკარას გზავნილი ევროკავშირისთვის


თურქეთი შანხაის ბლოკთან თანამშრომლობას იწყებს

ნატოს წევრმა თურქეთმა გასულ კვირას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობას მოაწერა ხელი. ეს არის უსაფრთხოების ალიანსი, სადაც დომინანტი როლი ჩინეთს და რუსეთს აქვს, მათ გარდა ბლოკის წევრები შუა აზიის სახელმწიფოებიც არიან. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი იუწყება, რომ ანკარას ჩინეთთან და რუსეთთან ბევრ საკითხზე კვლავ განსხვავებული ხედვა აქვს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმებას ისტორიული მოვლენა უწოდა. მისი თქმით, თურქეთი ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც შანხაის ბლოკთან ასეთი ახლო ურთიერთობა დაიწყო.
„თუკი ჩვენ ცივი ომის პერსპექტივიდან შევხედავთ, ეს ორმხრივად მიუღებელია. თუმცა, ცივი ომი დასრულდა და თურქეთს არ სურს ცივი ომის ტყვეობაში დარჩენა,“ - განაცხადა დავუთოღლუმ.
შეერთებული შტატების მხრიდან გაისმა კითხვა, თუ რამდენად შეუძლია თურქეთს ნატოს პარალელურად შანხაის გაერთიანების წევრიც იყოს. ამასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორმაგი წევრობა დაშვებულია, რადგან ჩინეთი და რუსეთის ნატოს მტრებად აღარ აღიქმებიან.
თურქი პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს, რომ ანკარა შანხაის წევრი ორგანიზაციებისთვის მისაღებია, რადგან მათ საერთო კულტურული ღირებულებები აქვთ.
„ბლოკის ზოგიერთი წევრი თურქული მოდგმისაა, მხოლოდ ტაჯიკეთია სპარსული ტომის, თუმცა ეს ისლამიზმის გაბატონებას არ ნიშნავს. ფაქტია, რომ ამ ჯგუფებს შორის საერთო კულტურული ფასეულობებია, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ეს არის ერთგვარი ისლამური, გნებავთ თურქულ-ისლამური ერთობა,“ - ამბობს იდიზი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინეთმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა 2001 წელს რეგიონული ბლოკის სახით შექმნეს. გაერთიანების მიზანი საერთო საფრთხეებთან - რადიკალურ ისლამთან და ავღანეთიდან გავრცელებულ ნარკოტრეფიკთან ბრძოლა იყო.
კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი სინან ულგენი ამბობს, რომ ანკარას შანხაის ორგანიზაციაში გაწევრიანება, ევროკავშისთვის განკუთვნილი გზავნილია.
„ეს ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიქვან, როგორც შეტყობინება თუკი გააგრძელებენ ობსტრუქციულ პოლიტიკას ევროკავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თურქეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის არა მხოლოდ რეგიონალური ძალა, არამედ გლობალური სახელმწიფოა,“ - აცხადებს ულგენი.
თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირში თურქეთის შესვლის შეფერეხება „მიუტევებლად“ შეაფასა და ამაში ბრიუსელი დაადანაშაულა. პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი თვლის, რომ თურქეთს შანხაის ბლოკის ორ მთავარ წევრთან ჩინეთთან და რუსეთთან ბევრ სფეროში განსხვავებული პოზიცია აქვს.
„თურქეთსა და ბლოკის ორ მთავარ წევრს შორის განსხვავებული ინტერესებია. სირიის საკითხში რუსეთის და თურქეთის პოზიცია დიამეტრალურად განსხვავებულია. რაც შეეხება ჩინეთს, მას ორი წლის წინ ხინჯიანის პროვინციაში თურქულენოვანი ხალხის უიღურების გენოციდში დასდეს ბრალი. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ბლოკის წევრებს შორის წამყვანი თემა იქნება,“ - ამბობს იდიზი.
ანკარა აცხადებს, რომ ის შანხაის ბლოკის წევრებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობის სურვილის მიუხედავად, თურქეთი შანხაის ბლოკის გარდა, კიდევ ბევრი ქვეყნისთვის რჩევა სასურველ პარტნიორად. ამის მიზეზი კი მისი მზარდი ეკონომიკაა.
XS
SM
MD
LG