ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მმართველი პარტია და მისი ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რეფერენდუმში გამარჯვებას ზეიმობენ. ამომრჩეველთა 51 პროცენტის მხარდაჭერით თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობად იქცევა, რაც ამჟამინდელ მმართველს ქვეყნის სათავეში 2029 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს.

თურქეთის ისტორიულ რეფერენდუმზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ამერიკის ხმა“ სტამბოლში, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროს მკვლევარს, მეთიუ ბრაიზას ესაუბრა. წარსულში ბრაიზა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე და აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ელჩი იყო.

რეფერენდუმში მონაწილეთა 51-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის უფლებამოსილების ზრდას საპარლამენტო წყობის ხარჯზე. დასავლურმა მედიამ რეფერენდუმი შეაფასა, როგორც თურქული დემოკრატიის სიკვდილი. როგორ ფიქრობთ, მოკვდა დემოკრატია?

თურქეთში დემოკრატია არ მომკვდარა. რეფერენდუმის შედეგებს თუ შევხედავთ, ბევრი არაფერი შეცვლილა. ედროღანის ხელში ყველა ეს ძალაუფლება ისედაც იყო. მუსტაფა ქემალ ათა თურქის შემდეგ ამხელა ძალაუფლება არც ერთ თურქ ლიდერს არ ჰქონია. ახლა მთავარია როგორ გამოიყენებს ამ ძალაუფლებას ერდოღანი და რისკენ მიმართავს მას.

რეფერენდუმის შედეგები და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთში ძალაუფლებას ერთი ადამიანის - ამ შემთხვევაში ერდოღანის ხელში აქცევს. რა ცვლილებებს ელოდებით ახალი ძალაუფლებით აღჭურვილი პრეზიდენტისგან?

მათთვის, ვინც თურქეთს აკვირდება ეს ცვლილებები მოულოდნელი არ ყოფილა. ეს განსაკუთრებით ნათელი ივლისის არშემდგარი გადატრიალების და მასზე მთავრობის რეაქციების შემდეგ გახდა. რაც ამ რეფერენდუმით იცვლება ეს არის ერდოღანის პრეზიდენტობის შესაძლო გახანგრძლივება. სხვა დიდ ცვლილებებს მე ვერ ვხედავ.

ერდოღანს იმ ყველაფრის კეთება, რასაც ახალი კონსტიტუცია ანიჭებს, დე-ფაქტო ისედაც შეეძლო. ზღაპარია რომ აქამდე ის პარტიისგან შორს იდგა, ის ყოველთვის რჩებოდა პარტიის ლიდერად.

საკონსტიტუციო ცვლილებებს არჩევნებში მონაწილეთა 51-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, 49 პროცენტი კი საპრეზიდენტო მოდელის წინააღმდეგ წავიდა. არის თუ არა ეს თურქული საზოგადოების მკვეთრი დაყოფის ნიშანი?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თურქეთში საზოგადოება კარგა ხანია დაყოფილია, ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ეროღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმების დაახლოებით 49.5 პროცენტი მიიღო. მას შემდეგ ქვეყანა ერდოღანის მომხრეებად და მოწინააღმდეგებადაა დაყოფილი.

ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს

ეს დაყოფა ახლა უფრო მკვეთრი და ემოციური ხდება, რადგან მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. რეფერენდუმის და მისი შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კიდევ უფრო მეტად დაყოფს ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებას.

თავის კარიერაში პირველად ერდოღანმა არჩევნები წააგო სამ უმსხვილეს ქალაქში - სტამბოლში, ანკარასა და იზმირში. რეფერენდუმის წინააღმდეგ ხმა მისცეს სანაპიროზე დასახლებულმა თურქებმა, ქურთებმა და საქართველოს მახლობელ რეგიონებში მცხოვრებმა თურქებმა. ეს ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს.

თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, რომელზეც დასავლელი პარტნიორები იმედებს ამყარებენ ისლამისტ რადიკალებთან ბრძოლაში, განსაკურებით მის მოსაზღვრე სირიაში. ცვლის თუ არა რეფერენდუმის შედეგები თურქეთის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან?

ყელაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ეს რეფერენდუმი ცვლის არის, ის რომ ერდოღანს შეუძლია პრეზიდენტად ორჯერ, ხუთწლიანი ვადით იყაროს კენჭი.

თურქეთი რჩება იქ, სადაც აქამდე იყო. თურქეთმა უნდა გაარკვიოს როგორ გაუმკლავდეს ბრაზს შეერთებული შტატების და ქურთების პარტიის თანამშრომლობაზე და უნდა გაარკვიოს როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან.

რეფერენდუმის წინ ერდოღანი ამბობდა, რომ მის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთს შეერთებული შტატების და საფრანგეთის მსგავს ქვეყანად აქცევს. რა პარალელების გავლება შეიძლება ახალ თურქეთს და ამ ორ ქვეყანას შორის?

ჩემი აზრით, ის გულისხმობდა პარალელს პოლიტიკური ძალის ცენტრალიზებაში, როგორც ესაა შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტია, რომელსაც კონგრესი და სასამართლო სისტემა აბალანსებს. ქაღალდზე იგივე იქნება თურქეთშიც, მას ეყოლება ძლიერი პრეზიდენტი. განსხვავება იმაშია, რომ შეერთებულ შტატებში ეს ინსტიტუტები ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერია.

საერთაშორისო დამკვირვებლების და დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი, რაც თურქეთმა ოფიციალურად 2004 წელს გააუქმა, სიკვდილით დასჯა კი უმაღლეს სასჯელად 1984 წლიდან არ გამოუყენებია. მიდის თუ არა თურქეთი უკან და შორდება თუ არა მის ისედაც ბუნდოვან ევროპულ მომავალს?

თუ თურქეთმა სიკვდილით დასჯა აღადგინა, ეს ოფიციალურად შეაჩერებს, ისედაც დე-ფაქტოდ შეჩერებულ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს

რეფერენდუმის წინ ერდოღანი ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „თურქეთის მოდერნიზებისთვის“ იყო საჭირო. რა ტიპის მოდერნიზაციაზეა საუბარი?

რეფერენდუმს მოდერნიზაციისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ განვიხილავთ. მოდერნიზებულ, განვითარებულ პოლიტიკურ სისტემებში ხშირად გვხვდება მმართველობის საპარლამენტო წყობა, როგორც ეს, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოშია.

ერდოღანი იმედგაცრუებულია კოალიციური მთავრობით, იმედგაცრუებულია იმით, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივებს ვერ იღებდა.

კონსერვატორებისთვის ერდოღანი არის ლიდერი, რომლის გამოც მათ პატივისცემით უყურებენ

ამავდროულად, ბევრი ამბობს, რომ მან ძალაუფლება თურქეთის სახელმწიფოს მოდერნიზების საპირისპიროდ გამოიყენა. თურქეთი ისლამურ კულტურას და ანატოლიის ტრადიციებს უბრუნდება. მისი არგუმენტი მოდერნიზაციის შესახებ დამაჯერებელი არ არის.

რეფერენდუმის შედეგები მმართველობას მთლიანად აქცევს ერდოღანის ხელში, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავს და კონსერვატორული ღირებულებებით გამოირჩევა. უნდა ველოდეთ თუ არა თურქეთის სეკულარიზმის შევიწროებას და მმართველობაში რელიგიის როლის ზრდას?

რელიგიის როლის ზრდას არ ველოდები. თურქეთის ისტორიაში ისლამს განსაკუთრებული როლი ყოველთვის ეჭირა, თუმცა პოლიტიკაში მისი როლი ხან იზრდებოდა, ხანაც მცირდებოდა. თურქეთს ჰქონდა მომენტები, როცა ისლამი მის სოციალურ და პოლიტიკურ ნორმებს განსაზღვრავდა.

კონსერვატორებისთვის ერდოღანი არის ლიდერი, რომლის გამოც მათ პატივისცემით უყურებენ. მორწმუნეებისთვის, რა თქმა უნდა, ისლამი უფრო მეტია ვიდრე რელიგია, მათ სჯერათ, რომ ისლამს საზოგადოებაში უფრო დიდი როლი უნდა ჰქონდეს.

მეორეს მხრივ მაღალი გადასახადები უწესდებათ რესტორნებს, სადაც ალკოჰოლური სასმელები იყიდება, მაღალი გადასახადებია თამბაქოზე, რაც მათი მოხმარების შემცირებისკენაა მიმართული. ბევრი ამბობს, რომ ქალებს სამუშაო გარემოში თავის დამკვიდრების საშუალება არ ეძლევათ. ეს არის პოლიტიკური ისლამი, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ეს ახლო აღმოსავლეთში გვხვდება.

ნატოს წევრობასთან და თურქეთის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში 18-ე ადგილზეა. რა გავლენა ექნება რეფერენდუმს თურქეთზე, როგორც რეგიონულ მოთამაშეზე, რა მაგალითს აძლევს ის მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო?

საქართველოს თავისი ღირებულებები და ძლიერი ამბიციები აქვს, რასაც მე მთელი გულით ვუჭერ მხარს. არ მგონია, რომ ქართველებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად ვინმესგან წახალისება ჭირდებოდეთ. როცა საქმე ნატოს წევრობას ეხება, მე არ ვინერვიულებდი იმაზე, თუ როგორ მაგალითს აძლევს თურქეთი საქართველოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG