ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანის ახალი პოლიტიკა


თურქეთი სირიის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იკავებს

ერდოღანმა ასობით თურქი ოფიცრის გათავისუფლების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ასობით თურქი ოფიცრის გათავისუფლების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა ბრალდებათ.
ბატონმა ეროღანმა პირველად აღიარა, რომ ამ სამხედროების დაპატიმრებამ თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედა. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია თურქეთის მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე.
მაღალი რანგის ასობით თურქი ოფიცერი წლების განმავლობაში ელის სასამართლოს თურქეთის ციხეებში ერდოღანის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. ამ დროს კი თურქეთის მოსაზღვრე ქვეყნებში სულ უფრო იძაბება მდგომარეობა.
როგორც სამხედრო ექსპერტი გარეტ ჯენკინსი ამბობს:“ ეს გაურკვევლობა ყველაზე მოქმედებს. არა მარტო იმათზე ვინც სასჯელს იხდის, არამედ ჯარში მყოფი სამხედროებიც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან არავინ იცის რა მოხდება ხვალ. თურქეთს სულ უფრო დიდი პრობლემები აქვს სამხრეთელ მეზობლებთან ურთიერთობაში. ეს ეხება არ მარტო სირიას, არამედ ერაყს და ირანს. თურქეთს ამ ვითარებაში ძლიერი და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები ჭირდება.“
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ანკარა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა იანვარში თუქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი ადმირალის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ. ამ გადადგომის მიზეზი საზღვაო ძალების ოფიცრების მასობრივი დაპატიმრებები გახდა, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.
როგორც სტამბოლის ბაჰჩისეირის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ცენგიზ აქტარი ამბობს თურქეთის პრემიერ-მინისტრის მიერ სასამართლო სისტემის საჯარო კრიტიკა პოლიტიკური მიზნებით არის გამოწვეული:“ ახლა მთავრობა და პრემიერ-მინისტრი სამხედროებთან სტატუს-კვოს აღდგენაზე ფიქრობენ. ერდოღანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემილიტარიზაციის პროცესი დამთავრებულია და ახლა სამხედრობთან გარკვეული გარიგება შეიძლება მოხდეს.“
თუმცა გაზეთ „დეილი თარაფის“ მიმოხვილველი ლალე ქემალი არ ეთანხმება ამ თვალსაზრისს. მისი თქმით, მთავრობას შესაძლოა ძალზე ძვირად დაუჯდეს თურქეთის არმიაში არსებულ ანტი-დემოკრატიულ ძალებთან შეთანხმებაზე წასვლა. მისი თქმით:“ 2011 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობამ შეაჩერა არმიაში მიმდინარე რეფორმები, მაგრამ თუ საზოგადოების აქტიურობა არმიაზე კონტროლის თვალსაზრისით შესუსტდება არ არის გამორიცხული, რომ სამხედროებმა ისევ დაიწყონ გადატრიალების მოწყობაზე ფიქრი.“
1960 წლის შემდეგ თურქეთის არმიამ ხალხის მიერ არჩეული ოთხი მთავრობა დაამხო და ჯერაც არ გამქრალა სამხედროებში არსებული ხსოვნა თურქეთის პოლიტიკაში მათი განსაკუთრებული როლის შესახებ, მაგრამ ერდოღანისთვის ამჟამად შეიარაღებულ ძალებში ნდობის აღდგენა და არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება მთავარი პრიორიტეტია.
XS
SM
MD
LG