საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის გორის ოფისმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით. „წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალში მუშაობის უფლება აქვს. ცხინვალის ოფისს საქმიანობა იქ 1992 წლიდან არ შეუწყვეტია.
მაია ქარდავამ, საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა შეხვედრაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ახსნა, როგორ ახერხებს ორგანიზაცია საქმიანობას ისეთ ტერიტორიაზე, სადაც შეღწევა სხვებისთვის შეუძლებელია. „ნდობის ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორგანიზაციას მუშაობის თითქმის საუკუნენახევრიანი გამოცდილება აქვს და ამ პერიოდის მანძილზე, რა თქმა უნდა დიდი ცოდნა დაგროვდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ადამიანებს. ცხინვალის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე, ჩვენ შევძელით ადგილობრივი ხელიუსფლების დარწმუნება იმაში, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი იქ, არ გახდებოდა საჯარო. ჩვენ შევდივართ ცხინვალის ციხეში და უფლება გვაქვს შევხვდეთ ნებისმიერ დაკავებულს, თუ ეს მისი სურვილიც იქნება, გავესაუბროთ მას, მოვისმინოთ და ჩავიწეროთ რა აწუხებს, თუმცა საუბრის შინაარსი რჩება მხოლოდ ჩვენ ორგანიზაციაში და არამც და არამც ის სხვაგან არ მოხვდება, მათ შორის, არც ჩვენსავე ანგარიშში“,– ამბობს მაია ქარდავა.
კონფიდენციალობის დაცვის მაღალი ხარისხი რომ მუდმივად შენარჩუნდეს, ორგანიზაციაში ცდილობენ დაასაქმონ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მაია ქარდავა განმარტავს, რომ მიუკერძოებლობის მაქსიმალურად დაცვისთვის თბილისისა და გორის ოფისებში თარჯიმნებად უცხოელები მუშაობენ.
ამ ეტაპზე საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის გორის ოფისი, რომელიც 2008 წლიდან ფუნქრიონირებს, რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის, პერიოდულად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციაში იღებს მონაწილეობას ომით დაზარალებულ სოფლებში. თუმცა ის კომპონენტი რაც მის ჰუმანიტარულ მისიას სხვებისგან გამოარჩევს მაინც ცხინვალში საქმიანობას უკავშირდება. წითელ ჯვარს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეუძლია კონფლიქტის შედეგად დაშორებული ოჯახის წევრები ერთმანეთთან დააკავშიროს, რასაც „ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა გულისხმობს, ეს ერთჯერადი აქტია, რომლის ფარგლებში ქართულ მხარეს დარჩენილ ნათესავს შეუძლია მოითხოვოს ცხივნალის მხარეს დარჩენილ ნათესავებთან საცხოვრებლად გადასვლა, ისევე როგორც პირიქით. ცხინვალის მხრიდან ქართულ მხარეს გადმოსვლაა შესაძლებელი. წითელი ჯვარი ახერხებს წერილების მიწოდების უზრუნველყოფას ორივე მხარეს ციხეებში მყოფ პატიმრებთან. „წერილები ცენზურას, რა თქმა უნდა ექვემდებარება, მისი მეშვეობით შეიძლება მხოლოდ პირადი ინფორმაციის მიწოდება, გამორიცხულია სხვა ტიპის ჩანაწერის გაკეთება.“– ამბობენ წითელ ჯვარში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობა,რითაც 2011 წლის მანძილზე წითელმა ჯვარმა 12–ჯერ ისარგებლა. ესაა ავადმყოფების გადმოყვანისა და მკურნალობის პროექტი. „ამისთვის რამდენიმე ეტაპია გასავლელი, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პირი, რომელიც, ვთქვათ ცხინვალში ცხოვრობს და ოპერაცია ჭირდება, ჯერ უნდა მივიდეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოიპოვოს ნებართვა მათგან, რომ შეუძლია ქართულ მხარეს გადმოსვლა. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას და უსაფრთხო დაბრუნებას,“– აცხადებს კატია სორინი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის ხელმძღვანელი.
ასევე მნიშვნელოვანი საქმე ორივე მხარეს დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრების ტრანსპორტირება და მათი შეხვედრაა. ასეთი შემთხვევა წელს 27–ჯერ დაფიქსირდა. „სტატისტიკას ზუსტად ვერ გეტყვით, თუ არ ვცდები, 4–ჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ცხინვალის ციხეში მოინახულეს პატიმრები ოჯახის წევრებმა, დანარჩენი ფაქტები თბილისის, რუსთავისა და სხვა ციხეებში დაკავებულთა მონახულების აქტებს ეხება. ეს რომ განხორციელდეს, პირველ რიგში, თავად დაკავებულმა უნდა გამოთქვას ნათესავებთან შეხვედრის სურვილი,“– ამბობს კატია სორინი.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში 1992 წლიდან ფუნქციონირებს. მანამდე, კომუნისტური რეჟიმის არსებობის პერიოდში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მას საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცემია.