ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის მოუტანს ტატუნაშვილის ამბავი პოლიტიკურ ქულებს ცხინვალში


"რადიო თავისუფლების" ფოტო

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ამბავი ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსებს შორის ერთგვარ სავაჭრო საგნად იქცა. ამ თემით პოლიტიკური ქულების მოგროვებას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ცდილობს. ერთ–ერთ ინტერვიუში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ის დე–ფაქტო ადმინისტრაციას ღიად ადანაშაულებს ტატუნაშვილის სიკვდილში და აცხადებს, რომ ეს მათი პრო–ქართული პოლიტიკის შედეგია, რადგან ჭეშმარიტი ოსური საზოგადოება მაღალი კულტურული ღირებულებების მატარებელია და ამგვარ არაადამიანურ ქმედებას არ დაუშვებდა. მკვლელობით, რომელიც სრულიად ვანდალური იყო, დე–ფაქტო ადმინისტრაციამ ოსური საზოგადოების დისკრედიტირება მოახდინასაერთაშორისო საზოგადოების თვალში, ეს კი მხოლოდ საქართველოს აძლევს ხელს – ასეთი გახლავთ კოკოითის არგუმენტი.

დე–ფაქტო ადმინისტრაციის უუნარობის შესახებ საუბრის გარდა, კოკოითი ისტორიასაც ეხება, განმარტავს, რომ საქართველო რუსეთის გამყიდველი ქვეყანაა და ამის მაგალითებიც მოჰყავს. „საქართველო ყოველ მოსახერხებელ შემთხვევაში რუსეთის ჰყიდდა, ღალატობდა. პირველი შემთხვევა მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა. როგორც რუსეთი ოდნავ დასუსტდა, ქართველი მენშევიკები მაშინვე გვერდზე გადგნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რითაც რუსეთს უღალატეს,“– ამბობს კოკოითი. „ღალატის“ მეორე მაგალითად ის საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას ასახელებს ინტერვიუში.

განსაკუთრებით ბევრს კოკოითი პუტინზე საუბრობს და ყველანაირი შესაძლო ეპითეტით მას ხოტბას ასხამს, უწოდებს მას მხსნელსა და გადამრჩენელს. ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაზარალდა რუსეთის რეპუტაცია ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.

რაც შეეხება კოკოითის კრიტიკის ადრესატებს, მათ დე–ფაქტო პარლამენტში გასცეს პასუხი. გასიევმა, პარლამენტის სპიკერმა ცხინვალში განაცხადა: „ვის, თუ არა ქართველებს მოუვათ აზრად დაადანაშაულონ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დივერსიაში. ვის სასარგებლოდ შეიძლება იმეტყველოს ამან, თუ არა ქართველების?“

გასიევის მითითებით პარლამენტის ყველა დეპუტატი ვალდებულია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პარლამენტში ამ საკითხზე.

ამერიკის ხმასთან საუბრისას გიორგი კანაშვილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კოკოითსა და გასიევს შორის დაპირისპირება ცალსახად ადგილობრივი პოლიტიკური საჭიროებითაა გამოწვეული, თუმცა მაინც საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქ საუბარია ტატუნაშვილის გარდაცვალების შემთხვევაზე. „ეს პოლემიკა, ცალსახად შიდა მოხმარებისთვისაა, პოლიტიკური ქულების დასაწერად, რადგან კოკოითი გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას. მას,არც თუ სახარბიელო ბექგრაუნდი აქვს, დაკავშირებული კორუფციულ შემთხვევებთან ომის შემდგომ განსაკუთრებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მომხრეები ადგილზე მაინც ჰყავს“,– ამბობს კანაშვილი.

ცხინვალში ეს თემა აქტუალურია და ამ დისკუსიითაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმას, რომ ტატუნაშვილი ძალისმიერადაა მოკლული.

კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ეს ამბავი ეხმიანება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას. ადგილობრივებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა იმის თაობაზე, რაც მოხდა. ოსების საწინააღმდეგოდ მუშაობს ის ყველაფერი, რაც ტატუნაშვილის მკვლელობას მოჰყვა: ცხედრის არ–გადმოცემა, ფაქტის მიჩმალვა, როგორც მოექცნენ მას, როგორც ტყვეს მშვიდობიან პერიოდში, რომ აწამეს. ამის თაობაზე რეაქცია უარყოფითი იყო. მიტინგიც რომ ძალით ჩაატარებინეს, ამასაც კი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ცხინვალში. ადგილობრივები ჩემთან ამბობენ, რომ ეს სამარცხვინო ნაბიჯი იყო. კოკოითმა გამოიყენა ეს უკმაყოფილება, გამოეხმაურა საზოგადოების განწყობას. რაკი თვითონ ცდილობს პოლიტიკაში დაბრუნებას. მისი მხარდამჭერები საკმაოდ აქტიურები არიან. არსებობს ღია პოსტებია ფეისბუქზე, სადაც ისინი ამბობენ, რომ სამარცხვინო და არასწორი იყო, რაც მოხდა“.

ედუარდ კოკოითი დე–ფაქტო ადმინისტრაციას 2001–2011 წლებში ხელმძვანელობდა. მის მიმართ კორუფციული ბრალდებები ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. მიუხედავად ამისა, ცხინვალში ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაზე მძლავრი ბერკეტი პუტინისთვის ხოტბის შესხმის ხარისხია (საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა ხმათა 92 პროცენტი აიღო დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში), რის ამსახველ პროცესზეც ამჟამად დაკვირვება შესაძლებელია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG