ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზოგ რეისზე კომპიუტერის ატანა იკრძალება


ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმაც, თვითმფრინავის ბორტზე კომპიუტერების, ტაბლეტების და სხვა ტექნიკური მოწყობილობის ატანა დროებით აკრძალა. ახალი ბრიტანული დირექტივის მიხედვით, საუბარია ელექტრონულ მოწყობილობაზე, რომლის სიგრძე 16 სანტიმეტრს აღემატება, სიგანე 9.3-ს და სისქე 1.5-ს.

შეზღუდვა შეეხო ავიარეისებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის 6 ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ხორციელდება. ესენია: თურქეთი, ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი და საუდის არაბეთი. განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესსპიკერმა გააკეთა და ის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი “პროპორციული საჭიროებით” ახსნა.

შეერთებულ შტატებში გამოცემული დირექტივა ცოტა უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე, ახლო აღმოსავლეთის 8 ქვეყნის 10 აეროპორტიდან განხორციელებულ რეისებზე ვრცელდება, რომლებიც ამერიკაში მიფრინავენ. სიაში მოხვდა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ხშირად სარგებლობენ. ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტოს განმარტებით, მიღებული ზომა რაიმე სპეციფიური საფრთხით არ აიხსნება, არამედ ეფუძნება დაზვერვის მონაცემთა ზოგად ანალიზს, რომელიც აჩვენებს, რომ კომერციული ავიარეისები კვლავ ტერორისტული დაჯგუფებების სამიზნედ რჩება.

ორივე სახელმწიფო ითხოვს, რომ მგზავრებმა კომპიუტერები, თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა ბარგში ჩააბარონ. ჯერჯერობით გადაწყდა, რომ აკრძალვა არ შეეხება მობილურ ტელეფონებს. სატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნულ სიაში მოხვდნენ, “ამჟამად არსებული საშიშროების სურათიდან” შეირჩა და მომავალში შესაძლოა, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ შეტყობინება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დღესვე გაეგზავნა და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად ვადა შესაბამისი აეროპორტების ადმინისტრაციას პარასკევამდე მიეცა. დირექტივაში არ არის მითითებული შეზღუდვის მოხსნის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაცია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG