ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლეებმა ტრამპის მორიგი განკარგულება შეაჩერეს


შეერთებული შტატების ორმა ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულება დროებით შეაჩერა. ეს პრეზიდენტის მეორე განკარგულებაა, რომელიც მოგზაურობის აკრძალვას ეხება.

ჰავაიში მოსამართლემ აღმასრულებელი განკარგულების ორივე ნაწილი შეაჩერა, ერთი ქვეყანაში ლტოლვილების მიღების პროცესს აჩერებს, მეორე კი ექვსი მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.

ჰავაელი კოლეგისგან განსხვავებით, მერილენდის შტატის მოსამართლემ ტრამპის განკარგულების მხოლოდ ის ნაწილი შეაჩერა დროებით, რომელიც ვიზების გაცემას ეხება.

ჰავაიში, მოსამართლე დერიკ უოტსონმა გადაწყვეტილების საფუძვლად საკონსტიტუციო შესწორების მთავარი დათქმა გამოიყენა, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სეკულარიზმს უნდა ეფუძნებოდეს. ამის დასტურად მოსამართლემ, პრეზიდენტ ტრამპის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებები მოიყვანა, სადაც ის ამბობდა, რომ მუსლიმებს ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავდა.

ტრამპის მიერ მოგზაურობის აკრძალვის განკარგულება 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება, ესენია: ირანი, სირია, იემენი, ლიბია, სომალი და სუდანი. პრეზიდენტის პირველ განკარგულებაში აკრძალვა ეხებოდათ ერაყის მოქალაქეებსაც.

თეთრი სახლი ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისკენ არის მიმართული, პრეზიდენტ ტრამპის შეფასებით კი, მოსამართლეების მსგავსი გადაწყვეტილებები ამერიკას სუსტ სახელმწიფოდ წარმოაჩენს.

XS
SM
MD
LG