ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვაზე პოზიციას არ იცვლის


ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

თეთრი სახლი განაგრძობს დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების მხარდაჭერას, რომელიც შვიდი ქვეყნიდან იმიგრაციას და აშშ-ში მოგზაურობას ზღუდავს იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის აღმსარებელია. ბრძანება ამერიკის ვიზის მქონე ადამიანებს და სხვებს ამერიკაში ჩასვლას უკრძალავს.

დონალდ ტრამპის ყველაზე წინააღმდეგობრივმა ქმედებამ მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია. აეროპორტებში გაუგებრობა და არეულობა შეიქმნა. პროცესში ფედერალური მოსამართლეები ჩაერთვნენ, რათა დეპორტაცია შეეჩერებინათ. სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა აქტივისტთა ჯგუფებს თავდაპირველი უპირატესობა მისცა.

„მესიჯი მარტივია. ეს საპრეზიდენტო განკარგულება მთლიანად ანტი-ამერიკულია. ეს უკანონო ბრძანებაა“,- ამბობს ანდრე სეგურა, ამერიკის სამოქალაქო უფლებათა გაერთიანებიდან.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპი ამ ბრძანებით ქვეყნის ეროვნულ უსაფრთოხებას იცავს.

„ამ ქვეყნის დაცვა და ჩვენი ხალხის დაცვა ამ პრეზიდენტისთვის და ამ მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია“, - აღნიშნა სპაისერმა.

თეთრი სახლის თქმით, მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ და ეს ტერორიზმის საფრთხის შემცირებაა.

„დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ის ხალხი რომელთაც ქვეყანაში ვუშვებთ აქ მშვიდობიანი მიზნებით იმყოფებიან და ისინი ჩვენ არ მოგვაყენებენ ზიანს. დამატებით, კიდევ 46 მუსლიმი უმრავლესობის ქვეყანაა მსოფლიოში, რომლებიც [ამ განკარგულებაში] არ არიან მოხსენიებულნი“, - თქვა სპაისერმა.

ტრამპმა წინასაარჩევნოდ დაპირება დადო და ის არჩეულ იქნა იმ დაპირების საფუძველზე, რომ ის გაამკაცრებდა შემოწმების პროცედურას ამერიკაში ჩამსვლელებისთვის.

„ეს მუსლიმთა შემოსვლის აკრძალვა არაა. ჩვენ მზად ვართ და ყველაფერი კარგად მიდის“, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის მოკავშირეები კაპიტოლიუმის ბორცვზე, ბრძანების მიერ გამოწვეულ ქარიშხალში მოხვედრას უფრთხიან.

„პრეზიდენტს აქვს იმის დიდი თავისუფლება, რომ შეეცადოს ქვეყნის დაცვას. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ ქვეყანაში რელიგიური შემოწმების შემოღება არ დავიწყოთ“, - ამბობს სენატორი მიჩ მაკკონელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა.

დემოკრატები აღნიშნულ ბრძანებას მკაცრად აკრიტიკებენ.

„ის რასაც ტრამპი აკეთებს, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ვნებს. ეს გაზრდის ჩვენს წინააღმდეგ შეტევებს, ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე იყენებს აღნიშნულ აკრძალვას საკუთარი პროპაგანდისთვის“ , - ამბობს სეტ მულტონი, დემოკრატი კონგრესმენი.

რეაქციები საზღვარგარეთ ღიად ნეგატიურია. ევროპასა და მის მიღმა აღნიშნული განკარგულება ბევრმა დაგმო.

„იმედი მაქვს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაიფიქრებს. ეს დისკრიმინაციული და კონტრ-პროდუქტიულია“, - თქვა ნადჰიმ ზაჰავმა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა.

აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია ევროპის მიღმაც.

„ჩვენ შოკში ვართ, ვინაიდან ჩვენ ეს გვჭირდება. ვინ მიდის ამერიკაში? ხალხი, ვისაც თავშესაფარი სჭირდებათ, ის ხალხი, ვინც დაიღალა ერაყის ომით-მე არ მესმის ეს [დონალდ ტრამპის] გადაწყვეტილება“, - ამბობს ალილ ლატიფი, ერაყელი ჯარისკაცი.

თუმცა თეთრი სახლი უკან არ იხევს.

„რას ეტყვით იმ ოჯახებს და ინდივიდებს, ვისაც ზიანი მიადგა ან მათ ოჯახს, ვინც მოკლეს იმის გამო, რომ ეს ზომები აქამდე არ იყო მიღებული“ , - აცხადებს სპაისერი.

საიმიგრაციო პოლიტიკის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოებში უკვე ხდება. სასამართლომ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისობა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან და იმასთან, თუ რა გავლენა ექნება ბრძანებას მოწყვლად ინდივიდებსა და ოჯახებზე.

XS
SM
MD
LG