ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუერტო-რიკო ქარიშხლისთვის ემზადება


პუერტო-რიკო, საცად ჯერ კიდევ კარგად ჩანს 2017 წლის შტორმით მიყენებული ზიანი, კიდევ ერთი დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადება. ტროპიკული შტორმი „დორიანი“ შეერთებული შტატების ტერიტორიისკენ მიიწევს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ როდესაც „დორიანი“ დასავლეთ და ცენტრალურ პუერტო-რიკოს გადაუვლის, მას ქარიშხლის ძალა ექნება.

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ვანდა ვასკესმა საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. მოსახლეობას აფრთხილებენ შესაძლო მეწყერის, დატბორვის და ენერგიის გათიშვის შესახებ. ვასკესმა ასევე მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, რომელმაც ფედერალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაამტკიცა.

ქარიშხალ „მარიას“ შემდეგ ათასობით სახლი ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა და კილომეტრობით გზა ჯერ ისევ დანგრეულია. „მარია“ პუერტო რიკოს თავს 2017 წელს დაატყდა, კუნძული გააჩანაგა და 3 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ღამის განმავლობაში „დორიანის“ სიჩქარე, სტაბილურად საათში 85 კილომეტრი იყო და მოელიან, რომ დღის განმავლობაში ის ოდნავ მოიმატებს.

სინოპტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა „დორიანი“ შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილს, კერძოდ კი, ფლორიდასაც დაემუქროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG