ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გამამართლებელი ვერდიქტის შესახებ პირველ საჯარო განცხადებას გააკეთებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, იმპიჩმენტის ორი მუხლით ბრალდებაზე, სენატის გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანის შესახებ პირველ საჯარო განცხადებას, ხუთშაბათს თეთრი სახლიდან გააკეთებს.

ტრამპმა, თავისი გეგმის შესახებ შეტყობინება “ტვიტერით” ოთხშაბათს, გამართლებიდან სულ რამდენიმე საათში გამოაქვეყნა. სენატის ვერდიქტს მან “იმპიჩმენტის ოინზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვება” უწოდა.

ვერდიქტზე კენჭისყრის დროს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის თავმჯდომარეობით გაიმართა, სენატორებმა 52 ხმით 48-ის წინააღმდეგ დაადგინეს, რომ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავე არ იყო. 53 47-ის წინააღმდეგ კი კონგრესისათვის ხელის შეშლის ბრალდება მოუხსნეს.

ამ კენჭისყრამ დაასრულა კონგრესის დემოკრატების თითქმის 4 თვიანი მცდელობა, რომ ტრამპი თანამდებობიდან გადაეყენებინათ.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ტრამპი სრულად გამართლდა. განცხადებაში არის მოწოდება, რომ სიცრუისთვის და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის შეთითხნისთვის, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ ლიდერებს “სამაგიერო მიეზღოს”.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რომელმაც სექტემბერში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, განცხადება გამოაქვეყნა და სენატს ბრალი “უკანონობის ნორმად ქცევაში” და შემოწმებისა და ბალანსის სისტემის უარყოფაში დასდო.

პელოსიმ სენატის რესპუბლიკელ ლიდერ მიჩ მაკკონელს “თაღლითი ლიდერი” უწოდა, რომელმაც უღალატა თავის მოვალეობას, პატივი ეცა კონსტიტუციისთვის და ქვეყანა “თაღლითი პრეზიდენტისგან” დაეცვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG