ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში ისტორიული კვირა იმპიჩმენტის არგუმენტების მოსმენით იწყება


რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში ეს კვირა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გარჩევის შესავალი არგუმენტებით დაიწყება. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები პრეზიდენტის წინააღმდეგ თავის საქმეს წარუდგენენ უზენაესი სასამართლოს მთავარ მოსამართლე ჯონ რობერტსს, რომელიც საიმპიჩმენტო გარჩევის თავმჯდომარე იქნება.

ისტორიული იყო გასული ხუთშაბათიც, როცა სენატში, უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა პრეზიდენტ ტრამპის საიმპიჩმენტო გარჩევისთვის ერთ ქალს და ერთ კაცს, როგორც მსაჯულებს, ფიცი დაადებინა.

სენატორები მიუკერძოებლობის ფიცს დებენ, მაგრამ სენატის რესპუბლიკელმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ადრევე განაცხადა, რომ ის თეთრ სახლთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

საიმპიჩმენტო გარჩევის მენეჯერმა ადამ შიფმა თქვა: „წარმოიდგინეთ, რომ მსაჯული ხართ, დარბაზში შემოდის მოსამართლე და ამბობს: მოპასუხესთან კონსულტაცია გავიარე და შევთანხმდით, რომ პროკურატურას მოწმეების გამოძახების ნებას არ მივცემ. პროკურატურას ნებას არ მივცემ რაიმე დოკუმენტი გიჩვენოთ. არცერთ მსაჯულს მოსამართლისგან მსგავსი რამ არ სმენია, რადგან ეს აბსურდი იქნებოდა.“

გასულ კვირაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ივლისში, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში, როდესაც ტრამპი პოლიტიკური მეტოქის თაობაზე გამოძიებას სთხოვდა, არასწორი არაფერი ჩაუდენია. იმ დროს ტრამპს უკრაინისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული, თითქმის 400-მილიონიანი სამხედრო დახმარება შეჩერებული ჰქონდა. ტრამპის დაცვის გუნდი ირწმუნება, რომ იმპიჩმენტი არ უნდა მომხდარიყო რადგან საბოლოოდ დახმარება გაიცა და გამოძიების შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

ტრამპის დაცვის გუნდის წარმომადგენელმა, იურისტმა ალან დერშოვიცმა თქვა: „როდესაც ვიღაც გყავთ, რომელსაც მაგალითად ბრალი კრიმინალში ედება. დავუშვათ, რომ უამრავი სამხილები გაქვთ, მაგრამ მსაჯულთა დიდი კოლეგია მას უბრალოდ ბრალს სდებს იმაში, რაც კრიმინალი არ არის და აქ სწორედ ეს მოხდა. თქვენ გაქვთ უამრავი სამხილი - საკამათო სამხილი: ის შეიძლება ორივე მხარეს წავიდეს - მაგრამ საიმპიჩმენტო კენჭისყრა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფუძველზე ჩატარდა, რაც იმპიჩმენტის კონსტიტუციურ კრიტერიუმს არ პასუხობს.“

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, დემოკრატებს სურთ სენატში გარჩევაზე მოწმეები გამოიძახონ, მაგრამ რესპუბლიკელები უარს ამბობენ და დემოკრატებს ბრალს სდებენ, რომ მათ პროცესი დააჩქარეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG