ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრეტ კავანა სენატის წინაშე წარდგა


მოსმენა სენატში, მოსამართლე ბრეტ კავანა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ბრეტ კავანა დღეს ამერიკის სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგა. მოსმენა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროცედურის მიხედვით, მოსმენა კავანას პირველი სიტყვებით გაიხსნა და მას კომიტეტის წევრების გამხსნელი სიტყვები მოჰყვა.

ოთხშაბათს კი კავანას მოუწევს პირდაპირ გასცეს პასუხები სხვადასხვა საკითხზე მისი მოსაზრებების შესახებ დასმულ კითხვებს. მათ შორის იმაზე, თუ რას ფიქრობს ის აბორტის უფლების, ლგბტქ ადამიანების უფლებებისა თუ პრეზიდენტის ძალაუფლების თაობაზე.

თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ სენატის უმრავლესობა მხარს დაუჭერს 53 წლის კანდიდატს და ის 1 ოქტომბრიდან გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 9-წევრიანი კოლეგიის წევრი. ეს პოზიცია ვაკანტური მოსამართლე ენტონი კენედის პენსიაზე გასვლის გამო გახდა. კავანას შეხედულებებს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სასამართლოს ლიბერალი და კონსერვატორი წევრების თანაბარ ხმებს შორის.

დემოკრატები კავანას კანდიდატურას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ მისმა დამტკიცებამ შესაძლოა თაობების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატული კოლეგიის ჩამოყალიბება გამოიწვიოს. ისინი შიშობენ, რომ კავანა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებებს ზედმიწევნით იზიარებს. თუმცა რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ის დამოუკიდებელი და პრინციპული მოსამართლეა.

სენატორები წუხან იმის გამოც, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარს ამბობს იმ პერიოდის ათასობით დოკუმენტის გასაჯაროებაზე, რომლებიც კავანას თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს ასახავს.

იურიდიული კომიტეტის წევრებმა კავანას ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობის დროის ამსახველი დოკუმენტები - 415 000 გვერდი მიიღეს. მათგან 147 000 დოკუმენტის საჯაროდ გამჟღავნება ნებადართული არ არის. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს კავანასთან დაკავშირებული 101 921-გვერდიანი დოკუმენტების კომისიისთვის გადაცემაზე. ადმინისტრაცია ამას ამ მასალების სენსიტიურობით ხსნის. რაც შეეხება იმ მასალას, რაც სენატის წევრებმა უკვე მიიღეს, დემოკრატები ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო ერთ ღამეში 42 000 გვერდის გაცნობა და ამის მიხედვით შეკითხვების მომზადება. კომისიის წამყვანი დემოკრატი - ჩაკ შუმერი ამბობს, რომ ეს დოკუმენტები კომისიის წევრებს ორშაბათს, გვიან ღამით გადაეცათ მაშინ, როდის მოსმენა სენატში სამშაბათს შუადღეს იყო დაგეგმილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG