ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ამბობს, რომ ირანისგან "ყველაზე უარესია" მოსალოდნელი


დასავლეთსა და თეირანს შორის სამხედრო დაძაბულობა უფრო და უფრო იზრდება. შეერთებული შტატებისა და ირანის ლიდერები კი კვლავ ვერბალურ დაპირისპირებას აგრძელებენ.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რიტორიკის გამწვავებაში თავისი წვლილი შეიტანა და თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი ირანისგან "ყველაზე უარესისთვის" არის მზად.

"ისინი ნამდვილად არიან მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო", - თქვა ტრამპმა ორშაბათს, პაკისტანის პრეზიდენტ იმრან ხანთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ირანის ქმედებები და პატივისცემის ნაკლებობა მისთვის უფრო რთულს ხდის იმას, რომ თეირანთან მოლაპარაკებები აწარმოოს. "მათ ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ეს ყველა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს", - თქვა მან.

ამერიკის პრეზიდენტის კომენტარებს რამდენიმე საათით ადრე ირანის ქმედებები უძღოდა წინ. თეირანის განცხადებით, მან 17 ამერიკელი ჯაშუში დააპატიმრა და ზოგიერთ მათგანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებების თანახმად, ჯაშუშები ინფორმაციას ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსთვის აგროვებდნენ. ირანის კონტრდაზვერვის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "მიუხედავად ამერიკული ყოვლისმომცველი წვრთნისა" ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ირანული დაზვერვის ინფრასტუქტურისთვის "საბოტაჟის მოწყობა". ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელდა, მათი თქმით, ამერიკის დაზვერვის სააგენტოს სამი თანამშრომლის ფოტოებიც, რომლებიც მათივე მტკიცებით, ჯაშუშებთან იყვნენ დაკავშირებულნი.

პრეზიდენტი ტრამპიცა და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ირანული მხარის ბრალდებებს უარყოფენ,

"განცხადებები იმის შესახებ, რომ ირანმა ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ჯაშუშები დააკავა, აბსოლუტური სიცრუეა", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე". "ნული სიმართლეა ამაში. მხოლოდ მეტი ტყუილი და პროპაგანდა (ისევე, როგორც თითქოს ჩვენი დრონი ჩამოაგდეს) რელიგიური რეჟიმის მიერ, რომელიც მწარედ მარცხდება და წარმოდგენა არ აქვს რა ქნას", - წერს ტრამპი.

ამ განცხადებამდე უფრო ადრე, მაიკ პომპეომ "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა: "ირანის მმართველ რეჟიმს ტყუილების ხანგრძლივი ისტორია აქვს."

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანის დაზვერვა აცხადებს, რომ ამერიკელი ჯაშუშები დააკავა. აპრილში, ირანის საინფორმაციო სააგენტომ დაზვერვის მინისტრის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თეირანმა ამერიკის ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავა. ამ ქსელში მათი მტკიცებით, სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ასობით აგენტი იყო. თუმცა ამჯერად ვერბალური დაპირისპირება ჰორმუზის სრუტეში განვითარებულმა მოვლენებმა გაამწვავა.

პარასკევს ირანის რევოლუციურ მცველთა კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც ვერტმფრენებიდან დაეშვნენ, სრუტეში ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი დააკავეს. ორშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ჯერემი ჰანტმა თეირანის ქმედებებს "სახელმწიფო მეკობრებობის აქტი" უწოდა და თქვა, რომ ბრიტანეთი მუშაობს ევროპელი მოკავშირეების საერთო საზღვაო მისიის შექმნაზე, რომელიც სრუტეში გადაადგილებისას გემებს დაიცავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG