ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი უკვე არჩეული პრეზიდენტია, მაგრამ მასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს ბოლო არ უჩანს. ამის მოწმე სულ რამდენიმე დღის წინაც გავხდით. გასული კვირის განმავლობაში ატეხილმა ხმაურმა ისევ წამოწია წინ რუსეთის პოლიტიკის თემა, როგორც მის ახლო სამეზობლოსთან - ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, ასევე - ევროპის კავშირთან და ტრანს-ატლანტიკურ ალიანსთან.

პუტინი... საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიაზე - გენერალი პეტრეუსი.

შეიცვლება თუ არა შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტრამპის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ? ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ გენერალ დევიდ პეტრეუსს მიმართა. ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ წამყვან კანდიდატებს შორის იყო დასახელებული.

„ტრამპის მიერ შერჩეული ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრები გარკვევით თანხმდებიან იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის, არამედ რამდენიმე მიმართულებით ჩვენი მტერია და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგის მტერიცაა, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე - ყირიმში და დონბასში, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში; აშენებს ავიაბაზას ბელორუსში; 1500 ჯარისკაცი ყავს მოლდოვაში.

რუსეთის პერიფერიებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელახალი აშენების მცდელობას, რისთვისაც ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსაც იყენებს“ - ამბობს დევიდ პეტრეუსი.

გენერალ პეტრეუსის თქმით, რომელიც წარსულში შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი იყო, კრემლის მტრული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთთან დიალოგი ცივი ომის პირობებშიც კი მიმდინარეობდა და ახლაც უნდა გაგრძელდეს. ამ აზრს ბევრი მკვლევარი იზიარებს, მათ შორის - ჰერიტიჯის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს კარაფანო:

„რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს და მათ როლს ევროპის მშვიდობის და სტაბილურობის საკითხში, ვფიქრობ, პოლიტიკაში უფრო მეტი თანმიმდევრული, უწყვეტი გაგრძელების მოწმე გავხდებით, ვიდრე - ცვლილებების. მაგალითად, პრეზიდენტებს ობამას და ბუშს შეხედეთ. ასეთ განსხვავებულ ორ ლიდერს, სრულიად სხვადასხვა საგარეო პოლიტიკით, ალბათ, ვერც იპოვით.

მაგრამ მაინც, ბოლო წლებში ობამას საგარეო პოლიტიკა „ნატო“-სთან მიმართებაში ბუშის მსგავსი გახდა. ჯარების გამოყვანა, ისევ შეყვანა... რაკეტების გამოტანა, შემდეგ დაბრუნება... ევროპის სტაბილურობა ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებშია და ის ერთი პრეზიდენტიდან მეორემდე, საბოლოო ჯამში, არ იცვლება“.

ანალიტიკოსების ნაწილი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან კიდევ უფრო მეტს მოელის. მაიკლ უერცი ამერიკული პროგრესის ცენტრიდან, ფიქრობს, რომ ტრამპის გუნდმა რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს.

„პრეზიდენტ ობამას მიერ 35 რუსი დიპლომატის გაგდება მკვეთრად მკაცრი რეაქცია იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ კარგი პირველი ნაბიჯია. მეორე ეტაპი ჩემი აზრით, ყველა ევროპელ პარტნიორთან საუბარი და კიდევ უფრო ხისტ სანქციებზე მოლაპარაკება იქნება. რუსეთის ეკონომიკა დასუსტებულია და ეს კარგ ბერკეტს წარმოადგენს...

მოსკოვი უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობს. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდა და ამერიკული დემოკრატიის ხელყოფის ცდას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, გაუგონარი იქნება - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

რუსეთი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გასული კვირის განმავლობაში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენებზეც. დონალდ ტრამპის გუნდში სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებულმა რექს ტილერსონმა ობამას ადმინისტრაცია ყირიმის ანექსიაზე სუსტი რეაქციისთვის გააკრიტიკა, რამაც მისი თქმით, რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო მეტი გააქტიურებისკენ უბიძგა.

XS
SM
MD
LG