ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტრამპი-პუტინის კავშირი" - რეალობა და მოლოდინი


"ტრამპი-პუტინის კავშირი" - რა მნიშვნელობა აქვს ამ კავშირს მსოფლიო წესრიგზე და მედიისთვის? რუსეთის საკითხებზე სპეციალიზებულმა ამერიკელმა ექსპერტებმა უცხოელ ჟურნალისტთა კავშირის და ჰარიმანის ინსტიტუტის მხარდაჭერით, განხილვა კოლუმბიის უნივერსიტეტში მოაწყეს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ამერიკელი ექსპერტები მსჯელობენ, თუ რა სურს ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპისგან და პირიქით. იცვლება, თუ არა ტრამპის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული სიმპათიების შემდეგ რეალობა გლობალურ სივრცეში. ჰარიმანის ინსტიტუტის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების პროგრამის დირექტორი კიმბერლი მარტინი საზოგადოებას ახსენებს, რომ პუტინი საბჭოთა უშიშროების ძველი ოფიცერია. "სუკი" კი ყოველთვის ცდილობდა თავის ზეგავლენის მოხდენას ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში ასეთი შემთხვევები ბევრი იყო. ბოლო რამდენიმე წელში კი ჰაკერული და კიბერ-დანაშაულის სახე მიიღო.

კიმბერლი მარტინი: ორი დღის წინ სი-ენ-ენმა გაიმეორა დონალდ ტრამპის 2014 წელს მიცემული ორი ინტერვიუ, სადაც ის საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს, იმეორებს მიტ რომნის განცხადებებს, რომ რუსეთი ამერიკისითვის საფრთხეს წარმოადგენს და რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს. მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს - რა შეიცვალა, რა მოხდა 2014 წლის მარტსა და ამ პერიოდს შორის, როდესაც ტრამპი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობს რუსეთის შესახებ. ამის თაობაზე პასუხი არავინ ვიცით და ვფიქრობ ეს ყველაზე საინტერესოა, გლობალურად მოხდა ცვლილებები პოლიტიკურ სივრცეში, თუ რაიმე ინდივიდუალურია. პუტინის კიდევ ერთი მიზანი არის ის, რომ გახდეს მთვარი მოთამაშე საერთაშორისო სცენაზე, გვერდზე გადგეს ტრამპი და მას დაუთმოს ყველა საერთაშორისო გადაწყვეტილება.

რამდენად რეალურია მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები, როდესაც დონალდ ტრამპს პუტინის მიმართ გამოთქმული განცხადებების გამო მთავრობაში, კონგრესში და საკუთარ პარტიაშიც კი აკრიტიკებენ. წავა თუ არა ტრამპი ამერიკის ფუნდამენტური ღირებულებების საზიანოდ, როდესაც საქმე ეხება დიდი სახელმწიფოს მხრიდან მეზობელ ქვეყანაში სამხედრო შეჭრას, ანექსიას და ადამიანების უფლებების დარღევვას. "Wall Street Journal-ის" პენტაგონის კორესპონდენტი პოლ სონე საუბრობს:

სავარაუდოდ რუსეთში ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით განსაუთრებული მოლოდინი აქვთ.
პოლ სონე, "Wall Street Journal"

პოლ სონე: სავარაუდოდ რუსეთში ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით განსაუთრებული მოლოდინი აქვთ და იმედი აქვთ, რომ ტრამპი საგარეო პოლიტიკას შეცვლის. უკრაინის საკითხის მიმართ ამერიკის მიდგომა დამყარებული იყო შემდეგ ღირებულებებზე - დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, საერთაშორისო სამართალი, ხოლო რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ იმაზე, რომ ის ჩვენი მეზობელია და გავლენის სფერო. ამდენად ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ ტიპის მიდგომებში რამე შეიცვალოს.

მსგავსი შეფასებები აქვს უილ ენგლანდს, "ვაშინგტონ პოსტის" საგარეო საკითხების რედაქტორს, რომელიც ასევე არ მოელის ტრამპის და პუტინის შეთანხმებას სირიის საკითხზე, სადაც ამერიკას ირანთანაც მოუწევს დათმობაზე წასვლა. მისი თქმით, პუტინი მოელის რომ ტრამპი საერთაშორისო ლიდერის პოზიციას მას დაუთმობს, თუმცა მსგავსი სვლა ტრამპისგან ნაკლებად მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება არ აქვს, მსგავსი ტიპის კომპრომისი მისგან წარმოუდგენელია. ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტი მაშა გესენი, რომელიც ღიად სხვადასხვა დროს პრეზიდენტმა პუტინმა და ტრამპაც გააკრიტიკა, ამბობს, რომ ძალიან საიდუმლოდ რჩება და გაურკვეველია, თუ რა არის მოსალოდნელი ამ ახალი კავშირიდან.

მაშა გესენი: ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი და დაუფარავი არის ის, რასაც დონალდ ტრამპი აცხადებს მედიასთან პუტინის შესახებ. ის ამბობს, რომ მას პუტინი მოსწონს. ცხადია, რომ ამით რაღაც სარგებელს ელოდება ვლადიმერ პუტინიც. ის ფიქრობს, რომ მისთვის სასურველი პერიოდია ახლა, რომ გააკეთოს ის რაც დიდი ხანია ძალიან უნდა. ძირითადი საკითხი, ალბათ აქ რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნაა, რომელიც შვება იქნება რუსეთისთვის, თუმცა არა შეერთებული შტატებისთვის.

რუსეთის საკითხებზე მომუშავე ამერიკელი ექსპერტებისთვის დამაფიქრებელია ამერიკის დაზვერვის სამსახურის დასკვნა არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესახებ, რომელიც როგორც მონაცემებშია მითითებული ვლადიმერ პუტინის პირდაპირი დავალება იყო და საარჩვენო კამპანიაში ჰაკერული მეთოდებით ზემოქმედებას ითვალისწინებდა. კიმბერლი მარტინი აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბის მოვლენაზე ჩართულობა ნეგატიურად და საზიანოდ რუსეთის საერთაშორისო იმიჯზე მუშაობს. ის ამბობს, რომ ეს საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, სადაც უახლოეს ხანში არჩევნები ტარდება. "რუსეთის მხრიდან არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა ნიშნავს კონტროლი იქონიო ევროკავშირზე და ნატოზე, რომლებიც თავიანთი სტრუქტურით ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან" - აცხადებს კიმბერლი მარტინი.

რუსეთის დელეგაციას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე , შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი წარმოადგენს, რომელმაც მოსაწვევი რამდენიმე კვირის წინ უკვე მიიღო.

XS
SM
MD
LG