ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ-19-ზე აცრას ტრამპიც გეგმავს


თეთრი სახლის პრესსპიკერი ბრაიან მორგენშტერნი ამბობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოვიდ-19-ზე აცრას გეგმავს. მისი განმარტებით, ვაქცინას პრეზიდენტი მაშინ გაიკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. მორგენშტერნმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ტრამპმა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება უკვე გადაიტანა.

შეერთებული შტატების მთავარმა ქირურგმა ჯერომ ადამსმა კვირას, ტელეკომპანია "სი-ბი-ესს" უთხრა, რომ პრეზიდენტისთვის აცრის შეყოვნებას "სამედიცინო მიზეზი" აქვს. საქმე იმაშია, რომ ვაქცინის შეყვანა ჯერ არ არის რეკომენდებული, რადგან ოქტომბერში, როცა მას კოვიდ-19 ჰქონდა, ტრამპმა ანტისხეულების ექსპერიმენტული თერაპია ჩაიტარა.

ექიმი ჯერომ ადამსი
ექიმი ჯერომ ადამსი

"სამეცნიერო გადასახედიდან, შევახსენებდი მოსახლეობას, რომ პრეზიდენტს კოვიდი ბოლო 90 დღის მანძილზე ჰქონდა... მან მონოკლონური ანტისხეულები მიიღო" - განაცხადა ექიმმა ადამსმა. მისი აზრით, ტრამპი აცრისთვის სწორ დროს უნდა დაელოდოს. "პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. არსებობს სამედიცინო მიზეზი" - აღნიშნავს ის.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენმა ტრამპმა ახალ კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო, ექიმებმა მისი ჰოსპიტალიზაცია გადაწყვიტეს. ტრამპმა უოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მაშინ 3 დღე დაჰყო. თუმცა, მალევე იჩქარა თეთრ სახლში დაბრუნება და მკურნალობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოვიდ-19-ის ვაქცინის გაკეთებას დღეს ჟურნალისტების თანდასწრებით გეგმავს. ის ამბობს, რომ სულმოუთქმელად ელის აცრის საჯაროდ გაკეთებას, რომ კვლავაც გააგრძელებს სამეცნიერო მიღწევების მხარდაჭერას და მოსახლეობაში "სამეცნიერო პროცესების მიმართ რწმენის გაძლიერებას".

გასულ კვირაში აცრა საჯაროდ ამერიკის სხვა ლიდერებმაც გაიკეთეს. მათ შორისაა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი. აცრას ასევე გეგმავენ ამერიკის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG