ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მედიის უპრეცედენტოდ კოორდინირებული სვლა


ამერიკელ პრეზიდენტებს მედიასთან ურთიერთობის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ, ზოგჯერ - წინააღმდეგობებით და ანტაგონიზმით სავსეც კი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დონალდ ტრამპმა დაიკავა, აგრესია და მტრული ურთიერთობის ესკალაცია განსაკუთრებით თვალშისაცემია.

პრეზიდენტი ტრამპი მედიას ხშირად უწოდებს "ყალბს" და "ხალხის მტერს". ზოგჯერ უფრო შორსაც მიდის და ისეთ ეპითეტებს ხმარობს, როგორიცაა "საშიში", "ავადმყოფი". ის ჟურნალისტებს "ომის დაწყებაშიც" კი სდებს ბრალს.

ამერიკული მედიის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ლანძღვის შემცველი რიტორიკა, რომელიც დემოკრატიისთვის სახიფათო შეიძლება იყოს, საკმარისად მოითმინა. დღეს ქვეყნის ბეჭდური გამოცემების დიდმა ნაწილმა უპრეცედენტოდ კოორდინირებული ნაბიჯი გადადგა და სარედაქციო წერილები იმ ხიფათს მიუძღვნეს, რასაც პრეზიდენტის მხრიდან მედიაზე სისტემატური თავდასხმა ქმნის.

ინიციატივას სათავეში "ბოსტონ გლოუბი" უდგას, რომელმაც განაცხადა, რომ "თავისუფალ მედიასთან გამართული ბინძური ომი უნდა შეწყდეს". ინიციატივას 350 გამოცემის რედაქცია შეუერთდა.

"ორ საუკუნეზე მეტი ხანია, რაც ამერიკის ეს ფუნდამენტური პრინციპი შინ ჟურნალისტებს იცავდა, უცხოეთში კი თავისუფალი ქვეყნებისთვის სანიმუშო იყო" - წერს გამოცემა. "დღეს ეს დიდი საფრთხის ქვეშ არის. და ეს საგანგაშო სიგნალს უგზავნის დესპოტებს ანკარიდან მოსკოვამდე, პეკინიდან ბაღდადამდე, რომ ჟურნალისტებს შეიძლება მოექცე, როგორც საშინაო მტერს" - ნათქვამია "ბოსტონ გლოუბის" სარედაქციო წერილში.

"ახალი ამბების მაუწყებელი რეპორტიორები და რედაქტორები ადამიანები არიან და ისინი შეცდომებს უშვებენ. მათი შესწორება ჩვენი მუშაობის პრინციპია" - წერს "თაიმსი" თავის სარედაქციო წერილში. "თუმცა, იმის დაბეჯითებით თქმა, რომ სიმართლე, რომელიც შენ არ მოგწონს, "ყალბი ახალი ამბავია", დემოკრატიისთვის სასიცოცხლო საფრთხეს ქმნის. ჟურნალისტებისთვის "ხალხის მტრის" ძახილი სახიფათოა. წერტილი" - ნათქვამია იმავე წერილში.

კამპანიაში ჩაერთო არამერტო მსხვილი მედია, არამედ ამერიკის მცირე ზომის გამოცემებიც, რომელიც შტატის, ან ქალაქის დონეზე გამოდის. "ეს მარტო ერთ ადამიანს არ ეხება. ეს ჩვენი ფასეულობების და ინსტიტუტების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია" - წერს ტენესის შტატის გამოცემა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ეს შტატი ტრამპმა 2:1-ზე უპირატესობით მოიგო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG