ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა, პრეზიდენტობას ბაიდენი გადაიბარებს


დღეს, რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, დილის 9 საათზე, ვაშინგტონი დატოვა და ფლორიდის შტატში გაემგზავრა. მას თან ახლდნენ მეუღლე მელანია ტრამპი, შვილები და ოჯახის სხვა წევრები.

პარალელურად, ამერიკის არჩეული დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მომავალ პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად, ეკლესიაში სალოცავად წავიდა. ვაშინგტონის ერთერთ ტაძარში გამართულ დილის წირვას, ბაიდენის ოჯახის წევრებთან ერთად, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერები და ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

ორიოდ საათში, ბაიდენი 78 წლის ასაკში, ამერიკის ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი გახდება. შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, 12 საათისთვისაა დანიშნული. ბაიდენი ფიცს დადებს ბიბლიაზე, რომელიც მის ოჯახში საუკუნეზე მეტი ხანია ინახება.

პანდემიის და 6 იანვარს კონგრესზე მომხდარი თავდასხმის გამო, საზეიმო პროცესი წელს მოკრძალებულად ჩაივლის. ინაუგურაციაზე არ იქნება ათეულ ათასობით დამსწრე და არ გაიმართება ამერიკის პირველი წყვილების საზეიმო მსვლელობა თეთრი სახლისკენ. თუმცა, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ამერიკული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ, მათ შორის ჯენიფერ ლოპესი და ლედი გაგაც იქნებიან.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია თეთრ სახლში ამერიკის ახალი პრეზიდენტის დახვედრის დიდი ხნის ტრადიცია. მსგავსი რამ უპრეცედენტო არ არის, თუმცა ბოლო 150 წლის მანძილზე ეს შეერთებული შტატების არცერთ პრეზიდენტს არ უქნია. ტრამპს ბაიდენისთვის არც ტელეფონით დაურეკავს და გამარჯვება არ მიულოცია.

ინაუგურაციის ცერემონიას დღეს სტუმრების ძალიან ვიწრო წრე დაესწრება. მათ შორის იქნებიან: რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში, დემოკრატი ექსპრეზიდენტები - ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.

გამგზავრების წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა 140-ზე მეტი შეწყალება გამოსცა. შეწყალებულებს შორისაა მისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელმაც ბრალეულობა აღიარა. მოლოდინის მიუხედავად, ტრამპს საკუთარი თავი და ოჯახის წევრები წინასწარ არ შეუწყალებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG