ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის გამარჯვების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, ტრამპი კი არაღიარების პოლიტიკას აგრძელებს


2020 წლის საყოველთაო არჩევნების შედეგების ფორმალურ დამტკიცებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩება. ეჭვგარეშეა, რომ საარჩევნო კოლეგიის წევრები საბოლოოდ დაადასტურებენ იმას, რაც დიდი ხანია ცნობილია: საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო და ის ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდება.

ამის მიუხედავად, რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებს, რომ არჩევნები მასობრივად გაყალბდა და სინამდვილეში, გასულ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები მან მოიგო. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ როგორც შტატების სასამართლოებში, ასევე უზენაეს სასამართლოში, ჯამში 50-მდე საჩივარი შეიტანა. მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ზოგ საქმეს მსვლელობა არც კი მიეცა, ნაწილი კი პრეზიდენტის გუნდმა წააგო.

"არა, ეს არ დასრულებულა" - უთხრა ტრამპმა "ფოქს-ნიუსს" ეთერში კვირას გასულ ინტერვიუში. "ჩვენ ვაგრძელებთ საქმეს და მომავალშიც ასე ვაპირებთ. ჩვენ უამრავი სასამართლო საქმე გვაქვს ადგილობრივ დონეზე. ჩვენ ზოგიერთ შტატში შედეგები გაგვიყალბეს და [ხმებისგან] გაგვძარცვეს. თითოეული მათგანი მოვიგეთ. ჩვენ მოვიგეთ პენსილვანია. ჩვენ მოვიგეთ მიჩიგანი. ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგეთ ჯორჯია".

შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებს თითოეული შტატი დამოუკიდებლად აჯამებს. ამ შტატებიდან, მათ შორის პრეზიდენტის ჩამოთვლილებს შორის, ზოგს რესპუბლიკელი მმართველები ჰყავს, ზოგს - დემოკრატები. მათ ბაიდენის გამარჯვება დაადასტურეს, რის სერტიფიცირებასაც დღეს, საარჩევნო კოლეგიის წევრების (ელექტორების) ფორმალურ შეხვედრაზე ელოდებიან.

ჯო ბაიდენმა, დელავერის შტატის სენატორმა 36-წლიანი გამოცდილებით და პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, 8 წლის მანძილზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩევნები დამაჯერებელი უპირატესობით მოიგო. მას 306 ელექტორის ხმა აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე გამარჯვებისთვისაა საჭირო (270). პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი 232 ხმა მიიღო.

2016 წელს, იმავე უპირატესობით მოუგო დონალდ ტრამპმა არჩევნები ჰილარი კლინტონს და საკუთარ გამარჯვებას "დამაჯერებელი" უწოდა. თუმცა, ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ თუ თავად არ მოიგებდა, მაშინ არჩევნების შედეგები გაყალბებული აღმოჩნდებოდა.

დღეს საღამოს, არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართვას დელავერის შტატის ქ. უილმინგტონიდან, ყველა წამყვანი ცენტრალური არხი, პირდაპირ ეთერში გადასცემს. ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდის ცნობით, ის "საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების სერტიფიცირებაზე და ამერიკული დემოკრატიის სიმტკიცეზე" ისაუბრებს.

ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად 2021 წლის 20 იანვრამდე ითვლება, როცა ინაუგურაციის ცერემონიაზე ის და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი - კამალა ჰარისი - ფიცს საზეიმოდ დადებენ. სწორედ 20 იანვარს შევა თეთრ სახლში ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მანამდე კი ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ დონალდ ტრამპია და ძალაუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი სიტუაციის ფონზე, ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუ რა ფორმატში გაიმართება ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც ტრადიციულად, კონგრესის შენობის კიბეებზე ეწყობა. მას მილიონობით ამერიკელი ტელევიზიით ადევნებს თვალს, ათობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანი კი, სიცივის მიუხედავად, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმთან იყრის თავს.

იანვარში, ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ქვეყნის მართვის დაწყება, მთელ მსოფლიოში მძვინვარე კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე მოუწევს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნები, შესაძლოა, სწორედ პანდემიის ცუდად მართვამ წააგებინა. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 306 400-ზე მეტი ამერიკელი. შეერთებულ შტატებში სარს-კოვ-2 ვირუსით დღეს 16.7 მილიონზე მეტი დადასტურებულად ინფიცირებულია აღრიცხული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG