ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კანონმდებლებს უმოქმედობაში ადანაშაულებს


ხუთშაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი კანონმდებლები იარაღის რეგულაციების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა და „ტვიტერზე“ დაწერა, რომ როგორც ჩანს, მათ „შაშხანების ეროვნული ასოციაციის“ ეშინიათ.

„სკოლების უსაფრთხოების საკითხზე ოთხშაბათს თეთრ სახლში კანონმდებლებთან გამართული ორპარტიული შეხვედრისას ბევრი იდეა განვიხილეთ, ზოგი კარგი, ზოგი - არც ისე კარგი. დისკუსიის მთავარი თემა - ადამიანების წარსულის შემოწმებაა. ფაქტია, რომ ის ადგილები, სადაც იარაღი დაშვებული არ არის, თავდამსხმელების სამიზნე ხშირად ხდება. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. კონსტიტუციის მეორე შესწორება კი დაცული უნდა იყოს“, დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ როგორც ჩანს კანონმდებლებს ეშინიათ დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის "შაშხანების ეროვნული ასოციაციის", რომელიც ამერიკაში იარაღის ყიდვის უფლების ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ლობისტია.

"მე "შაშხანების ეროვნული ასოციაციის" დიდი მხარდამჭერი ვარ, ჩემზე დიდი მხარდამჭერი არ არსებობს, მაგრამ მესმის, რომ ასოციაცია ამის წინააღმდეგი იქნება და არც არის აუცილებელი, რომ მე და ასოციაცია ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს", თქვა პრეზიდენტმა.

14 თებერვალს, 19 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და 17 ადამიანი მოკლა. ამ თავდასხმის შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა დისკუსია იარაღის საკითხის რეგულირების აუცილებლობის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG