ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტისთვის ირანთან ომის დაწყების უფლების შეზღუდვას


შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უზღუდავს უფლებას, კონგრესის თანხმობის გარშე, ირანის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელოს.

პრეზიდენტი ტრამპი გადაწვეტილებას ეწინააღმდეგება იმ მიზეზით, რომ მისი ძალაუფლების შეზღუდვა საშიში ნაბიჯია. „თუ მე ხელებს შემიკრავენ, ირანს უფრო მეტი მანევრის საშუალება მიეცემა“, - თქვა მან. „ეს ძალიან ცუდი ნიშანია“, - თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპი სავარაუდოდ რეზოლუციას ვეტოს დაადებს, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები ალბათ ვერ მოაგროვებენ ხმების ორ მესამედს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო გადალახონ.

დემოკრატი სენატორის, ტიმ კაინის განცხადებით, რეზოლუციის მიზანი მარტივია. „ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ირანთან ომი, თუ კონგრესი მსგავს ომს მხარს არ დაუჭერს“, - თქვა მან. „მაშინ როცა პრეზიდენტს აქვს და უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას შეერთებული შტატები გარდაუვალი თავდასხმისგან, ომის დაწყების უფლება აღმასრულებელი ხელისუფლების შემთხვევაში აქ მთავრდება. თავდასხმითი ომი მოითხოვს კონგრესში დებატებს და კენჭისყრას“, - თქვა მან.

თუმცა, სენატის რესპუბლიკელი ლიდერი, სენატორი მიტჩ მაკკონელი ინიციატივას ეწინააღმდეგება. „რა მესიჯს უგზავნის სენატი ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს? მათ კითხვა უნდა გაუჩნდეთ, აქვს თუ არა ლიდერებს მათი დაცვის უფლება?“ - თქვა მან.

„რა მესიჯია ეს ჩვენი რეგიონური მოკავშირეებისთვისა და პარტნიორებისთვის? რამდენად შეუძლიათ მათ ენდონ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას?“ - განაცხადა გრამმა.

დებატები ირანის წინააღმდეგ ომის წარმოების თაობაზე, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციას მოჰყვა. სოლეიმანის განადგურების შემდეგ, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დაიძაბა, და კონგრესში განახლდა ძველი დისკუსია საკანონმდებლო ორგანოს როლზე, პრეზიდენტის საგარეო სამხედრო ოპერაციების ზედამხედველობაში.

11 სექტემბრიდან მოყოლებული, ორი ათწლეულია, რაც ამერიკელი კანონმდებლები საგარეო კონფლიქტების დროს, კონგრესის თანხმობის საჭიროებაზე ცდილობენ დებატების წამოწყებას.

ეს საუბარი კიდევ ერთხელ განახლდა 8 იანვრის სადაზვერვო ბრიფინგის დასრულების შემდეგ, როცა კონგრესში დემოკრატებმა და ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა, განაცხადეს, რომ ადმინისტრაციამ მათ არ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში მისი სტრატეგიის თაობაზე. სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ გამართული ბრიფინგის შემდეგ, რესპუბლიკელმა სენატორებმა რენდ პოლმა და მაიკ ლიმ განაცხადეს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ბრიფინგი იყო, რაც მათ ადმინისტრაციისგან ოდესმე მიუღიათ.

სენატის რეზოლუციამდე, ამავე საკითხზე, წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანთან დაძაბულ ურთიერთობას შეეხებოდა.

იანვარში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ მართალია სოლეიმანი საშინელი ადამიანი იყო, მაგრამ საჭიროა, რომ ომის წარმოების თემის ირგვლივ, კონგრესს დებატების საშუალება მიეცეს. თუმცა, წარმომადგენელთა პალატაში, რეზოლუციის მხარდაჭერა თითქმის ზუსტად პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განპირობებული.

სენატში რეზოლუციის სპონსორმა ტიმ კაინმა, სამი რესპუბლიკელი სენატორის, სიუზან კოლინსის, ტოდ იანგის და ჯერი მორანის დარწმუნება მოახერხა, რათა მათ მისი რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ, რამაც რეზოლუციის მიღება განაპირობა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ზემოთხსენებული რეზოლუციის გარდა, სხვა დამატებითი შემზღუდველი ზომები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში იქნა მიღებული და შესაძლოა სენატს გადაეცეს განსახილველად, პრეზიდენტისგან ვეტოს დაიმსახურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG