ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობა სირიელი ხალხის დახმარების პირობას დებს


აღმოსავლეთ სირიაში, სადაც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ჯერ კიდევ უკავია ტერიტორიის მცირე მონაკვეთები, ბრძოლა გრძელდება. მედია საშუალებებში გავრცელდა დამიანების კადრები, რომლებიც ბრძოლის ჩაცხრობის დროს, ბავშვებთან ერთად, თავისი მწირი ნივთებით მთაში მიდიოდნენ.

შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები აცხადებს, რომ შეიარაღებული მებრძოლების და მათი ოჯახების დიდი რიცხვი დანებდა, მაგრამ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე მძაფრი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს.

სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა ადნან აფრინმა განაცხადა, რომ ადამიანები მისი დანაყოფები მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცდილობენ თავის შეფარებას. „ამ მთის უკან უსაფრთხო ადგილია, რომელსაც სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებს. მეორე მხარეს შეტაკებები ხდება. სამოქალაქო პირების იქ ყოფნისას, ჩვენი მებრძოლები არ ისვრიან რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან,“ თქვა მან.

ბრიუსელში, 50-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ომით დაზარალებული სირიის სამოქალაქო მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით 6.97 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. დაახლოებით, 12 მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით იმყოფება, დაახლოებით, 6 მილიონი კი მეზობელ ქვეყნებშია შეფარებული.

ევროკავშირმა, მსოფლიოს უდიდესმა დონორმა, წელს სირიის კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად 2.3 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ეს მოიცავს უკვე გამოყოფილ თანხას თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილებისთვის, რომელთა მიღებაზე ანკარასთან შეთანხმება შედგა.

შეერთებული შტატები ომით დაზარალებული სირიელებისთვის, დამატებით 397 მილიონ დოლარს გაიღებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილე რობერტ პალადინოს თქმით, „კრიზისის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დახმარებამ უკვე 9.5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა და ჩვენ ყველა დონორის მადლობელი ვართ. სხვებსაც მოვუწოდებთ, რომ მზარდი საჭიროების დაკმაყოფილებას დაეხმარონ.“

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ, სირიაში ომის დასასრულებელი პოლიტიკური გადაწყვეტისკენ კიდევ ერთი მოწოდება გააჟღერა. „მშვიდობის მოპოვებას, სირიაში წარმოებული პოლიტიკური პროცესი დასჭირდება, რომელსაც გაერო ჟენევიდან გაუძღვება. ჩვენ ამ პროცესს მხარს დავუჭერთ,“ თქვა მან.

ჟენევაში და სხვაგან წარმოებულმა დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა, დღემდე სამშვიდობო შეთანხმება ვერ მოიტანა. ომის დაწყებიდან, სირიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG