ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმთან ბრძოლის შედეგები


ტერორიზმთან ბრძოლის შედეგები

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ წელს გაწეული საქმიანობის გამო წარმატებული ტერორისტული თავდასხმის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ისინი იმავდროულად აცხადებენ, რომ თვით ტერორისტული საფრთხის ხასიათი 2001 წლიდან მოყოლებული საგრძნობლად შეიცვალა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი გარი თომასი მიმდინარე წლის მანძილზე ტერორისტული საფრთხის უწყვეტ განვითარებას აჯამებს.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს გაუმართლა იმ მხრივ, რომ 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებიდან მოყოლებული ამერიკაში მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი არ მომხდარა.

გასული წლის 25 დეკემბერს უმარ ფარუკ აბდულმუთალაბმა ამსტერდამიდან დეტროიტში მიმავალ ავიალაინერზე საკუთარ სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება წარუმატებლად სცადა. ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისს ნიუ იორკის ცენტრში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი არ აფეთქდა. ოქტომბერში კი ორი სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე სასტამბო საღებავის კასეტებში აღმოჩენილი საათის მექანიზმზე აწყობილი ბომბები საბედნიეროდ მათ აფეთქებამდე აღმოაჩინეს.

ერონვული ანტი-ტერორისტული ცენტრის დირექტორმა მაიკლ ლაიტერმა თავის გამოსვლაში ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ აგრესიული ანტი-ტერორისტული ზომების მიღებამ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე მნიშვნელოვნად შეამცირა მაგრამ საბოლოოდ არ აღმოფხვრა.

„მიუხედავად ჩვენს წინაშე მდგომი გამოწვევებისა, ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები დავაფიქსირეთ. ჩემი აზრით ამ ძალისხმევის შედეგი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანი და გამანადგურებელი ტერორისტული თავდასხმის საფრთხე დღეს-დღეობით ნაკლებად შესაძლებელია ვიდრე 2001 წელს. მაგრამ მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საფრთხე კვლავინდებურად არსებობს,“ აღნიშნა ლაიტერმა.

მან აგრეთვე აღიარა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს ტერორისტები წარმატებულ თავდასხმას მოაწყობენ.

„ეროვნულ ანტი-ტერორისტულ ცენტრში მთელი ჩემი ძალისხმევა, მთელი ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევა, ამ საფრთხის თავიდან აცილებისკენ არის მიმართული. მაგრამ ჩვენ გულახდილად უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სრულ გარანტიას ვერ მოგცემთ. თვით ტერორისტული საფრთხის ხასიათი სწრაფად იცვლება და სხვადასხვა ფორმებს იძენს. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს დაბალი დონის თავდასხმების შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყნის შიგნით რადიკალიზირებული პირები ჩაიდენენ. ამგვარი თავდასხმების თავიდან აცილება ძალიან რთული იქნება,“ აღნიშნა ეროვნული ანტი-ტერორისტული ცენტრის დირექტორმა.

ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ალ ყაიდას ახალი, უფრო დეცენტრალიზებული განშტოებების ფონზე და ალ ყაიდას ლიდერების მხრიდან პირდაპირი ოპერატიული კონტროლის გარეშე ქვეყნის შიგნით რადიკალიზირებული პირების ამოცნობა ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე ქვეყანაში შემოსული რადიკალებისა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ალ ყაიდას ხელმძღვანელობა კვლავინდებურად პაკისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონებში ძნელადმისადგომ კლდიან რაიონებს აფარებს თავს. ლაიტერი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში დაარსებული ტერორისტული ჯგუფები ალ ყაიდას ლიდერებისგან შთაგონებას იღებენ, მაგრამ ისინი მას არ ექვმედებარებიან.

არაბულ ნახევარკუნძულზე ალ ყაიდას მთავარი საყრდენი ბაზა იემენში მდებარეობს. იემენს როგორც ტერორისტების ერთ-ერთ მთავარ სათარეშოდ სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ. მას სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი ჯონ მაკლაფლინი აღნიშნავს, რომ აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრებზე საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრება ალ ყაიდასა და სხვა მსგავს ტერორისტულ დაჯგუფებებს აიძულებს ამერიკელი მოქალაქეების ან შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების რადიკალიზაციისკენ მიმართული საქმიანობა გააქტიურონ. ეს კი იმით აიხსნება, რომ ხსენებული კატეგორიის პირებისთვის გადაადგილება უფრო ადვილია.

მაკლაფლინი და ლაიტერი იზიარებენ მოსაზრებას, რომ გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ პოტენციური ტერორისტული თავდასხმების ამოცნობა და თავიდან აცილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მაგრამ ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ როცა ლაპარაკია შეერთებული შტატების მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვებაზე, ბიურომ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოაჩინოს რათა შედეგად ამერიკელთა სამოქალაქო თავისუფლებები და ამერიკაში მცხოვრები მუსლიმების უფლებები არ შეილახოს.

XS
SM
MD
LG