ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატარა 'ენერგო-ქალაქების' დიდი პრობლემები


ტეხასელი მერი ამბობს, რომ ნავთობის წარმოებით შემოსული თანხა ქარის მოტანილს ჰგავს, რომელსაც მალე ისევ ქარი წაიღებს...

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ტეხასის შტატის პატარა ქალაქ კილგორში ნავთობის ტუმბოების ხმა თითქმის ყველა კუთხეში ისმის. აქ ნავთობი 80 წლის წინ აღმოაჩინეს და მას შემდეგ კილგორში ნავთობის მოსაპოვებელი მძიმე აპარატურა არ გაჩერებულა. ქალაქმა ენერგობუმის რამდენიმე ციკლი გაიარა უკანასკნელი საუკუნის მანძილზე. ნავთობის მოპოვების ეპიცენტრი კი ჰექტარის მეოთხედი ტერიორიაა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. კილგორის ყოველდღიური გაზეთის მთავარი რედაქტორის ბილ ვუდოლის თქმით, ერთი კვარტალის ზომის ამ მონაკვეთიდან იმდენი ნედლი ნავთობია ამოღებული, რომ ამ ადგილს მსოფლიოში უმდიდრეს აკრს უწოდებენ.

„კილგორის ტერიტორიაზე ათასზე მეტი დერიკი იდგა. ქალაქის ხედს რომ შეხედავდით, დერიკების მეტი არაფერი ჩანდა. ერთი პერიოდი ნავთობმწარმოებლებმა შენობებიც კი დაანგრიეს იმისთვის, რომ იქ დერიკები და ტუმბოები დაედგათ.“

ნავთობიდან შემოსული თანხებით ქალაქში დიდი ეკლესიები, ლამაზი სახლები, ერთი პატარა კოლეჯი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი აშენდა, რომელიც 900 მაყურებელს იტევს. ქალაქის მოსახლეობა კი სულ 10 ათასია.

მიუხედავად ამ მშენებლობებისა, ქალაქში არაერთი გამოწვევა არსებობს, რომელთა გადალახვის გზები ჯერ არ ჩანს. დერიკებს, ტუმბოებს, ნავთობის შემნახველ ავზებსა და მილსადენებს იმხელა ტერიტორია უკავიათ, რომ ქალაქში ახალი მშენებლობების დასაწყებად მიწა ფიზიკურად არ არის. გარდა ამისა, ნავთობის ფასების ხშირი ცვალებადობის გამო ინვესტორები მაღალბიუჯეტიან მშენებლობებში ფულის ჩადებისგან თავს იკავებენ. კილგორის მერი არი სპრედლინი ამბობს:

„უკანასკნელი ხუთი მშენებელი კომპანიიდან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები უნდა აეშენებინათ, ოთხი გაკოტრდა, ერთი მათ შორის ორჯერ.“

თუ ნავთობის ფასი ეცემა, ქალაქის დანაზოგი ძალიან სწრაფად იხარჯება. იგივე მდგომარეობაშია მოსახლეობაც და კერძო სექტორიც. შესაბამისად, თუ ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, მშენებელ კომპანიებს ბევრი სახლი რჩებათ გასაყიდი და შესაბამისად გაკოტრების ზღვარზე მიდიან. ამის გამო, ქალაქის ლიდერებს უჭირთ წინასწარ გათვალონ მოსალოდნელი სირთულეები:

„ქალაქის შემოსავალი მერყეობს. 1980ნებში ქალაქში უპრეცედენტო კრიზისი იყო და უამრავი ადამიანის სამსახურიდან გაშვება ან მათი ხელფასების შემცირება დაგვჭირდა“ - ამბობს მერი.

სპრედლინის თქმით, კილგორის შეცდომებზე სხვა პატარა ქალაქებმაც ისწავლეს:

„კანონები, რომლებიც იმას არგულირებს, თუ რამხელა უნდა იყოს დაშორება ტუმბოებს შორის, ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების თავიდა ასაცილებლად იქნა მიღებული. ჩვენთან დაშვებული იყო ის, რომ ტუმბოები ყოველ 10 მეტრში შეიძლებოდა ჩადგმულიყო. შესაბამისად, ტუმბოებსა და დერიკებს ნახავდით ეკლესიის, სკოლის, საკუთარი სახლების და მაღაზიების ეზოებში.“

სპრედლინის თქმით, ის ყოველთვის მოუწოდებს ენერგო-ბუმის ქალაქებს თავიდან აიცილონ ისეთი ხარჯები, რომლებიც ერთჯერადი უნდა იყოს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მათი გამეორება გახდეს საჭირო. გარდა ამისა, ის პატარა ქალაქებს მოუწოდებს რაც შეიძლება მეტი ფული გადაინახონ მძიმე დღეებისთვის და არ დაავიწყდეთ ის, რომ სწრაფად შემოსული თანხა შეიძლება ისევე სწრაფად დაიხარჯოს, როგორც შემოვიდა.
XS
SM
MD
LG