ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ხორცის პოპულარობა იკლებს


მსოფლიოში სრულიად საპირისპირო ტენდენციაა: ხორცპროდუქტების მოხმარება თანდათან იზრდება


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

შეერთებულ შტატების მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე მეტ ხორცპროდუქტს მოიხმარს. თუმცა, ბოლო დროის სტატისტიკა იმასაც ადასტურებს, რომ ხორცის პოპულარობა ქვეყანაში თანდათან იკლებს. და ეს იმ ფონზე, როცა მთელ დედამიწაზე სრულიად საპირისპირო ტენდენციები შეინიშნება.

ვაშინგტონის ცენტრში, პატარა კაფეში ლანჩის დროა. ჯოი იონანი მენიუში ბოსტნეულის სუპს ეძებს.

„ან ვეგეტარიანული ბურგერი“ - ეუბნება ის გამყიდველს.

ჯოი შემწვარი ხორცის სერტიფიცირებული დეგუსტატორია. თუმცა, ხორცი დიდი ხანია მხოლოდ პლატონურად უყვარს.

„რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს და უგემრიელესი იყოს, უბრალოდ აღარ მინდა“ - ამბობს ჯოი.

რამდენიმე კონკურსში გამარჯვებული დეგუსტატორი, რომელიც „ვაშინტგონ პოსტის“ კვების განყოფილების რედაქტორიცაა, ამბობს, რომ ახლახან ვეგეტარიანელი გახდა. მიზეზი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, სამსახურის გამო ზომაზე მეტი ხორცის გასინჯვის აუცილებლობაც გახდა. მის გადაწყვეტილებას მკითხველთა უმრავლესობა გაგებით მოეკიდა.

„უამრავი წერილი მივიღე. ხალხი მწერდა, ვეგეტარიანელი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ნაკლები ხორცი ვჭამო შინ“ - ყვება დეგუსტატორი.
ამერიკელები მეტ ბოსტნეულს და ხილს მიირთმევენ. მთავრობის მონაცემებით, ბოლო წლებში ხორცის მოხმარებამ 6 პროცენტით იკლო. ანალიტიკოსების აზრით, მიზეზებს შორის ეკონომიკური კრიზისიც იყო: მზარდმა ფასებმა ამერიკელები აიძულა ნაკლები ხორცი შეეძინათ. მაგრამ მთავარი მაინც ახალი თაობის განსხვავებული მიდგომაა - ამბობს დედამიწის პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერი, ლესტერ ბრაუნი.

ახალი თაობა ძველთან შედარებით ხორცზე და კარტოფილზე გაცილებით ნაკლებადაა ორიენტირებული“ - აღნიშნავს ის.

ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. კვლევების უმრავლესობა ადასტურებს, რომ წითელი ხორცი ინფარქტის, ინსულტის და კიბოს რისკს ზრდის.

„თანდათან ვაცნობიერებთ, რომ დიდი რაოდენობით წითელი ხორცი მავნებელია“ - ამბობს მკვლევარი.

რესტორანთა მენიუში უხორცო კერძების რიცხვი გაიზარდა. შეფ-მზარეული კრისტოფერ რობერსონი გვირჩევს კვირაში ერთი დღე მაინც უხორცოდ გადავიდეთ და შემოვიღოთ მაგალითად, ვეგეტარიანული ორშაბათი.

ნათქვამია, გამხდარ მზარეულს არ ენდოო. მე პირიქით ვიტყოდი, დიდს არ ენდოთ, თორემ წონაში მასავით მოიმატებთ“ - ამბობს ის.

ამერიკაში ხორცის მოხმარების შემცირების პარალელურად, მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მისი პოპულარობა თანდათან იზრდება.

განვითარებად ქვეყნებში საქონლის ხორცის მოხმარება იზრდება და თან ძალიან სწრაფად. ბრაზილია და ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია“ - აღნიშნავს მეცნიერი ლესტერ ბრაუნი.

მოთხოვნის შესაბამისად ხორცის წარმოებაც იზრდება და ამისათვის ფერმერებს გაცილებით დიდი რაოდენობის წყალი და ბურღულეული ესაჭიროებათ. გარემოს დაცვას ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის.

ამერიკის მოხმარების დონეს რომ გაუსწორდნენ, ერთი დედამიწა არ გვეყოფა, მინიმუმ 2 ან 3 იგივე ზომის პლანეტა დაგვჭირდება“ - ამბობს მეცნიერი.

ვაშინგტონის კაფეში ქურაზე უმეტესად ისევ ჰამბურგერები იწვება, თუმცა მათ ხშირად ვეგეტარიანული ბურგერებთაც ანაცვლებენ.
XS
SM
MD
LG